ადამიანები ისტორიები

“მინდა გრანტი მოვიპოვო, რათა სხვა ქალებსაც ვასწავლო” – კონდიტერი ზემო ხვედურეთიდან

“საყვარელმა საქმემ შეიძლება ყველაზე რთულ სიტუაციაში გადაგარჩინოს, შეგეშველოს და ცხოვრების გაგრძელების საშუალება მოგცეს”, – ამბობს კონდიტერი მარიკა ცხოვრებაძე.

56 წლის მარიკა ცხოვრებაძე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთში ცხოვრობს, ის თვითნასწავლი კონდიტერია.  ტორტების და სხვადასხვა ტკბილეულის ცხობა მისი საყვარელი საქმიანობა ყოველთვის იყო, მაგრამ სამზარეულოში თავისი კუთხე სამი წლის წინ მოიწყო და შეკვეთებზე მუშაობაც მაშინ დაიწყო.

“დაახლოებით, 12 წლიდან ნამცხვრებს და ტორტებს ვაცხობ, თუმცა ეს ჩემი ძირითადი საქმე არასდროს ყოფილა, ისე მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის ვაკეთებდი ხოლმე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იყო ძალიან რთული პერიოდი, ჩემთვის ყველაფერს აზრი ჰქონდა დაკარგული, ამაზე ჩემი ოჯახის წევრები ძალიან ღელავდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს ისეთი საქმით დავკავებულიყავი, რაც მიყვარდა. ჩემი რძლის, მარიამის დახმარებით, დავიწყე შეკვეთების მიღება და ტკბილეულის დამზადება”, – გვიყვება მარიკა.

“მარიკას ტორტები” – ასე ჰქვია საოჯახო საკონდიტროს, რომელსაც როგორც ადგილობრივები ასევე მიმდებარე სოფლებიდან და ქალაქებიდა ჰყავს  მომხმარებელი.

“საოჯახო საკონდიტროა, ამიტომ ტკბილეული სახლის სამზარეულოში მზადდება. ჩვენ არ გვაქვს დანადგარები, საცხობები, არც მაღაზია, მხოლოდ შეკვეთებით ვაცხობთ. შეკვეთა არის გორიდან, ქარელიდან, მიმდებარე სოფლებიდან. მე ვაცხობ, ვკრემავ. როდესაც მარიამი მოდის სამსახურიდან, ის ვიზუალს აწყობს მარციპანით. ის რომ არ ყოფილიყო, მე მარტო ვერ შევძლებდი ამ ყველაფერს”.

მარიკა სამომავლოდ საგრანტო პროგრამში მონაწილეობას აპირებს, რომლის საშუალებითაც ბიზნესის გაფართოებას, ქალებისთვის საკუთარი ცოდნის გაზიარებას და მათ დასაქმებას გეგმავს.

“ჩემი სოფლელები, გვერდზე სოფლის მაცხოვრებელი ქალები მეუბნებიან ხოლმე, რომ ტორტების გამოცხობა ვასწავლო, აქვთ ამის სურვილი, მაგრამ მე არ მაქვს საკმარისი ფართი და ის გარემო, რომ მოსწავლეები მყავდეს. სამომავლოდ, ვფიქრობ გაფართოებაზე და ამ იდეის განხორციელებაზე, ასევე სახლთან ვიტრინა მინდა გავაკეთო, სადაც უკვე გამზადებულ ნაწარმს გავყიდი”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.