სტატიები

გორში, მოქალაქეთა ნაწილს უამინდობის დროს სახლში წყალი ჩასდის

გორში, მოქალაქეთა ნაწილს უამინდობის დროს სახლში წყალი ჩასდის. უხარისხოდ გადახურული კორპუსების პრობლემაზე სხვადასხვა ქუჩის მაცხოვრებლები საუბრობენ. 

როგორც ისინი ამბობენ, მათი კორპუსის კედლები დანესტილი და დაზიანებულია. 

“30 წელია კომბინატში, გორგასალის 18 -ში ასეთი მდგომარეობაა. 2007-ში ვითომ გააკეთეს, მაგრამ ის ძველი სახურავი უფრო ნაკლებად ატარებდა წყალს”.

“რძის ქარხნის შენობაში რომ ამბავია, ნუ უტყვის ნურავინ, სადარბაზოებში ნავით უნდა გაცურო, ისეთი უბედურებაა”.

“რომელაშვილის 176-ის სადარბაზოებშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ”.

გარეუბნების მსგავსად, ამ პრობლემაზე სტალინის ქუჩის მაცხოვრებლებიც საუბრობენ. მაგალითად,  2ა-ში ამბობენ, რომ წვიმისა და თოვლის დროს, სადარბაზოში წყალი ჩამოდის და კედლები სველდება.

“მეშვიდე სართულიდან ქვემოთ წყალი ჩამოდის, სადარბაზო სულ სველია. როგორც გარეთ წვიმს, ისე შიგნით. თოვლი რომ დნება, ჩამოდის. ზაფხულში ვიყავი მერიაში, გავაცანი მდგომარეობა, რომ სახურავია გამოსაცვლელი, არავინ ყურს არ იბერტყავს. შარშან ასე გვითხრეს, აღდგომა გავიდეს და მერე გავაკეთებთო, რომელი წლის აღდგომა იგულისხმეს, ნამდვილად არ ვიცი”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ნელი ტატიშვილი.

გორის მერიაში მოქალაქეებს პასუხობენ, რომ კორპუსებში არსებული პრობლემების მოგვარება თანადაფინანსების პროგრამით შეუძლიათ.

“გორის მერია მრავალსართულიანი ბინების ამხანაგობას პროექტის 90% უფინანსებს. ასევე თუ კორპუსში ცხოვრობს სოციალურად დაუცველი ოჯახი ,იმის 10%-აც აფინანსებს”, – აცხადებენ მერიაში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.