ავტორი: ნანა (ნადია) დაბრუნდაშვილი, მენტორი მასწავლებელი
ჩამოთვლაც კი გაჭირდება, თუ რამდენი პროექტი დარჩებოდა განუხორციელებელი თუნდაც მხოლოდ საგანმანათლებლო სისტემაში, მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის, აღმოსავლეთის პარტნიორობის, ამერიკის და სხვა ცალკეული ქვეყნების მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი რომ არ ყოფილიყო.
ჩემს გარშემო თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება სწორედ უცხოური ფონდების და დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ხდება. ამ გრანტებით ფინანსდება:
- ქალაქის თუ სოფლის წყლით მომარაგებიდან დაწყებული, სპორტული მოედნების და გზების გაყვანით გაგრძელებული პროექტები;
- ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროგრამები;
- სოციალურად დაუცველ ადამიანებზე ზრუნვა თუ ბავშვთა სახლების დაფინანსება;
- სკოლების კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა თუ საგნობრივი ლაბორატორიების აღჭურვა;
- ახალგაზრდების პროფესიული განათლების დაფინანსება და პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა;
- მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- მოსწავლეთათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო ბანაკების დაფინანსება;
- მათი უფასო საგანმანათლებლო პროგრამებით უზრუნველყოფა და სხვა უამრავი საგანმანათლებლო პროექტი.
ძალიან შთამბეჭდავია eAIMS მონაცემთა ბაზის დათვალიერება, რომელიც შექმნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი მუშაობის შედეგად.
ეს არის eAIMS (e-Aid Information Management System) პორტალი, რომელიც არის საგარეო დახმარების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების ინსტრუმენტი, რომლის მიზანია საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის გაუმჯობესება.
შემაშფოთებელია ის, რომ ამ კანონის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჩვენი მოსწავლეებისა და ახალგაზრდობისათვის მნიშვნელოვანი სოციალური თუ საგანმანათლებლო პროგრამების და პროექტების დაფინანსების შეწყვეტა.
საგანგაშოა ისიც, რომ ეს კანონი ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში უდიდესი ბარიერი გახდება, რასაც მომავალი თაობა ნამდვილად არ გვაპატიებს.