ბლოგები

რატომაა კანონპროექტი “აგენტების” შესახებ შეტევა თავისუფალ/დამოუკიდებელ სექტორზე?

ავტორი: ნინო ჩიბჩიური, ჟურნალისტი

ბოლო დღეებში აქტიურად გვესმის სხვადასხვა ჯგუფისგან  – მიიღონ ეს კანონი, მერე რა.. ვინც დარღვევების გარეშე მუშაობს, ის რატომ წუხს? რეალურად გაცილებით დიდ საფრთხესთან გვაქვს საქმე, ვიდრე კრემლის პროპაგანდისტების ე.წ. განმარტებებია. 

ზოგად ვითარებას თუ გადავხედავთ, აშაკარაა, რომ სწორედ იმ სექტორზე ხდება მიზანმიმართული დარტყმა, რომლის “ჯიბეში ჩასმაც” ამ დრომდე ვერ მოახერხეს.

ამ კანონპროექტის დამტკიცების მიზანი გამჭვირვალობა კი არა, მედიის და არასამთავრობო სექტორის გაჩერებაა.

მთავრობას უკვე აქვს შექმნილი საგარეო დახმარების ინფორმაციული მართვის სისტემა (eaims.ge), რომელიც შეუძლია დახვეწოს და სწორედ ფონდებთან თანამშრომლობით შეიტანოს ის მონაცემები, რაზეც აპელირებს.

მაგრამ ჩანაფიქრი სხვაა – მედიის თავისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შეზღუდვა.  ანუ სწორედ იმ ძირითადი საკითხების უგულებელყოფა, რომელთა შესრულებაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, 12 პუნქტიან გეგმაში გვაქვს გაწერილი.

თუ კი არსებობს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის რეალური ფაქტები, რომელთა “გამოვლენა და აღმოფხვრა” მმართველ გუნდს მხოლოდ ამ კანონით წარმოუდგენია, მაშინ რას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? 

ნათელია მიზანიც და ამოცანაც, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს მოქალაქეთა 80% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.

 მთავრობას მოუწევს ხალხის ნებას დაემორჩილოს და არა კრემლის დავალებებს, რომლის მცდელობა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, პუტინის და კობახიძის იდენტური შეფასებებიდანაც იკვეთება. 

დატოვეთ კომენტარი