სტატიები

რას უმალავს “აგენტების კანონზე” საუბრისას ხელისუფლება მოქალაქეებს?

მოქალაქეთა ნაწილისთვის გაუგებარია ის საფრთხეები, პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც ქვეყანაში “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, გაჩნდება. ამ ადამიანებს დიდწილად სჯერათ იმ არგუმენტის, რომლითაც ხელისუფლება კანონის მიღების საჭიროებას ხსნის.

მოქალაქეეებს გაუგებრობაში ტოვებს ის ფაქტიც, რომ კანონპროექტის ავტორები და ხელისუფლების წარნომადგენლები არ საუბრობენ იმ უკვე მოქმედ კანონებსა და შეთანხმებებზე, რომლითაც ქვეყანაში NGO სექტორის ფინანსები ისედაც საჯარო და გამჭვირვალეა. 

“მოზაიკა” გთავაზობთ დასაბუთებებს და ფაქტებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ხელისუფლება კანონის მიღების რეალურ მიზანზე არ საუბრობს:

კანონპროექტის ავტორები და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ კანონს ქვეყანაში უცხოური გრანტების ხარჯვის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად იღებენ. ამ მიზნით, ისინი აპირებენ, რომ ყველა ორგანიზაციას, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსებაა, “უცხოური გავლენის აგენტად” დარეგისტრირება დაავალდებულონ. 

NGO სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ყოველთვიურად სახელმწიფოს სხვადასხვა ფორმით აწვდიან ინფორმაციას საკუთარი შემოსავლების და გასავლების შესახებ, ამბობენ, რომ ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში ახალი კანონის მიღების საჭიროება არ არსებობს. 

“თუ კანონის ერთადერთი მიზანი არის NGO- ების დაფინანსების ერთ რეესტრში მოქცევა, ეს შესაძლებელი იყო უბრალოდ ერთით მეტი რეესტრის შექმნით, სადაც ორგანიზაციები ყველა იმ ინფორმაციას ასახავდნენ, რომლებიც ისედაც საჯარო და ხელმისაწვდომია ხელისუფლებისთვის. ამ რეესტრის ტექნიკური უზრუნველყოფა კი შეეძლო შემოსავლების სამსახურს და საამისოდ კანონის მიღება არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს”, – ამბობს იურისტი და “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგებელი თეა თედლიაშვილი. 

ამ თემის საპასუხოდ, უკვე შექმნილ სისტემაზე საუბრობს ჟურნალისტი და “NEO.TV”-ის ხელმძღვანელი ნინო ჩიბჩიური.

“ამ კანონპროექტის დამტკიცების მიზანს გამჭვირვალობა კი არა, მედიის და არასამთავრობო სექტორის შეზღუდვაა, რადგან მთავრობას უკვე აქვს შექმნილი საგარეო დახმარების ინფორმაციული მართვის სისტემა (eaims.ge), რომელიც შეუძლია დახვეწოს და სწორედ ფონდებთან თანამშრომლობით შეიტანოს ის მონაცემები, რაზეც აპელირებს. მაგრამ ჩანაფიქრი სხვაა – მედიის თავისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შეზღუდვა.”

ხელისუფლების გაცხადებულ პოზიციას, თითქოსდა კანონს “აგენტების შესახებ” უცხოური გრანტების გაკონტროლების მიზნით უჭერენ მხარს, ეჭვქვეშ სხვა გარემოებებიც აყენებს:

  1. საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 1996 წელს მიიღო კანონი „გრანტების შესახებ“, სადაც თავისით შექმნა პირობები დასავლელი დონორების მიერ მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გასაცემად. 
  2. ხელისუფლებამ აღიარა დასავლელი დონორების დაფინანსების განსაკუთრებული მნიშვნელობა, როდესაც უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე გააფორმა ორმხრივი შეთანხმებები, დონორების მიერ გაცემულ გრანტებზე დღგ-ს გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ.
  3. დასავლეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები უკვე აკმაყოფილებენ გამჭირვალობის მოთხოვნებს იმ უამრავი მოთხოვნიდან გამომდინარე, რასაც მათ უკვე უყენებს როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო ნორმები.
  4. დასავლელი დონორების მიერ პროექტების უმრავლესობას (განსაკუთრებით, მსხვილი პროექტების შემთხვევაში), მოჰყვება აუდიტის და/ან შემოწმების ვალდებულება, როგორც ერთ-ერთი სახელშეკრულებო ვალდებულება.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.