სტატიები

“უცხოური გავლენის აგენტი” – კანონპროექტი პარლამენტში და შეფასებები გორიდან

კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა საქართველოს პარლამენტმა უახლოეს პერიოდში მიიღოს, მმართველ პარტიასთან “გამიჯნულმა” უმრავლესობის დეპუტატების მიერ შექმნილმა მოძრაობამ “ხალხის ძალა” მოამზადა. 

აღნუშნული კანონის მიღების შემთხვევაში, გავლენის აგენტებად გამოცხადება ყველა ის არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაცია, რომელიც დაფინანსებას უცხო ქვეყნებიდან იღებს. აღნიშნული კანონის მიღებას მმართველი გუნდიც მხარს უჭერს. 

“მოზაიკა” დაინტერესდა, რას ფიქრობენ გორში “ქართული ოცნების”, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგაოდოების წარმომადგენლები აღნიშნულ კანონპროექტზე: 

დავით რაზმაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: 

“მიკვრის, რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი. მე ვფიქრობ, რომ ეს არანაირ საფრთხეს ან სირთულეს არ შექმნის. პირიქით, მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის უცხოური დაფინანსება უნდა იყოს გამჭირვალე. ასე ზუსტად ვერ ვიტყვი, რას შეიძლება ნიშნავდეს “უცხოური გავლენის აგენტი”, ან ვის შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ  არიან ორგანიზაციები, რომლებიც მტერი ქვეყნისგან, რუსეთისგან ფინანსდებიან და მერე ვითომ რუსეთს ლანძღავენ”, – ამბობს დავით რაზმაძე. 

მამუკა ფანიაშვილი, ფრაქციის “გორი – საქართველოსთვის” წევრი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში:

“ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შეზღუდვის და კიდევ უფრო გვაახლოებს რუსეთთან და გვაშორებს ევროკავშირთან. რუსეთშიც, პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ, მიიღეს ანალოგიური კანონი, რითაც შეიზღუდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა ჯგუფების მუშაობა, მაშინაც ასეთი არგუმენტი ჰქონდათ, რომ ეს იყო კანონპროექტი, რომელიც აშშ-ში მიიღეს FARA კანონპროექტის სახელით, რომელიც ზღუდავდა კომუნისტებისა და ნაცისტების ზედმეტ გავლენას და ლობისტურ ჯგუფებს, თუმცა იგი არ ზღუდავდა მედიას ან ტელევიზიებს. ამ კანონპროექტის მიღება ნიშნავს, რომ ის გამოყოფილი 9 კაციც, რომელიც ვითომ დამოუკიდებლად მოქმედებენ, ასევე მმართველ გუნდთან დაკავშირებული ვითომ “ექსპერტები, ყველა ერთად მუშაობს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიტატის სტატუსი და უფრო დაგვაახლოვონ რუსეთთან”, – ამბობს ფანიაშვილი. 

ბექა ქორჩილავა,  ენმ-ს წევრი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში:

“ეს არის რუსული დავალება, რომელსაც ზედმიწევნით ასრულებენ “ქართული ოცნების” ფსევდო მეამბოხე დეპუტატები. ეს გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს: საბოლოოდ, ჩამოგვაშორონ დასავლურ ოჯახს, ევროკავშირსა და “ნატოს”, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის დამღუპველი. ამ ფორმით ცდილობენ, რომ მოკლან საქართველოში დემოკრატია და ღიად დაამყარონ ქვეყანაში დიქტატურა. ამით ცდილობენ, რომ ქვეყამაში აღარ იყოს კრიტიკული აზრი, ოპოზიციური განწყობა და აღარ იყოს კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები”, – ამბობს ბექა ქორჩილავა. 

თეონა ფანქველაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი: 

“ყველა მოქალაქე უნდა გამოვიდეს გარეთ და არ უნდა შეეგუონ ამას. ყველას რომ ჰკითხო, უნდათ ევროპული მომავალი, მაგრამ არ უნდათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და პრობლემების შექმნა, რომელიც საბოლოოდ მართლა ქვეყნისთვის და ჩვენთვის უმნიშვნელოვნესია”, – წერს ფანქველაშვილი. 

კანონპროექტის შესაძლო მიღებას გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ გაავრცელეს განცხადებები, სადაც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ, რუსული კანონის მიღების მცდელობაა.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს რომ, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს ჰქონდეს მონიტორინგის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა მისთვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლება. ასევე, სამინისტროს მიენიჭება დაჯარიმებისა და ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება.  

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.