საბანკო სფეროში მუშაობის პარალელურად, ნატა წერეთელი მუსიკის მასწავლებლად მუშაობს და ახალგაზრდებს ვიოლინოზე დაკვრას ასწავლის. ერთდროულად ორი პროფესიით მუშაობა მისთვის რთულია, მაგრამ როგორც ამბობს, ერთ-ერთზე უარის თქმა – კიდევ უფრო რთული.
“დრო სულ განაწილებული მაქვს, რომ ვიფიქრო რომელიმეს დავანებო თავი, ეგეც არ შემიძლია, მიყვარს ერთიც და მეორეც. როცა მასწავლებლობა დავიწყე, მეც პატარა ვიყავი, კოლეჯში ვსწავლობდი და ვიფიქრე, ვცდი, იქნებ გამოვიდეს მეთქი. თავიდან ვიოლინოს მასწავლებელი არ მერქვა, მხატვრული აკომპანიმენტის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა” .
მას შემდეგ, 10 წელი გავიდა. ნატას უხარია, რომ წლებთან ერთად, ვიოლინოს მიმართ ახალგაზრდების დაინტერესება იზრდება.
“მყავს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორია. ვიოლინოს სრულყოფილად რომ ფლობდე საჭიროა აბსოლუტური სმენა, ამისათვის ბევრი უნდა იმუშაონ. ვცდილობ მოსწავლეებს ქართველი კომპოზიტირების ნაწარმოებები გავაცნო, ამიტომ ჩვენი პროგრამაც ქართული ნაწარმოებებითაა დატვირთული და შემდეგ უკვე ვაცნობ უცხოელ კომპოზიტორებს”.
ნატამ ვიოლინოს შესწავლა სკოლის ასაკში დაიწყო, შემდეგ სულხან ძინცაძის სამუსიკო კოლეჯში ჩააბარა, პარალელურად კი ბავშვების მომზადება დაიწყო.
“ვიოლინოს შესწავლა ჩემი სურვილი იყო, პატარა ასაკში დედამ არჩევანის საშუალება მომცა. იმ პერიოდში ხშირად ვუსმენდი ხოლმე ლიანა ისაკაძეს, ამიტომ არჩევანი ამ საკრავზე შევაჩერე. სკოლის პერიოდში მივედი პედაგოგთან, შემდეგ უკვე პროფესიონალურად შევისწავლე და ახლა თავად ვასწავლი ბავშვებს”.
ნატა წერეთელი პროფესიულ განვითარებას არ წყვეტს. ის ახლა ხაშურში სიმებიან კვარტეტში უკრავს, ასევე გორის სამუსიკო კოლეჯში შერეული გუნდის სოლისტია.