“სოფელში ვცხოვრობ, ხელსაქმისთვის საღამოს ვიცლი, რადგან დღის განმავლობში სახლის საქმეებს ვაკეთებ, საქონელს და ქათმებს ვუვლი.“
45 წლის ლამზირა ტაბატაძე სოფელ ზეკოტაში ცხოვრობს. მისი დილა გარშემომყოფებზე ზრუნვით იწყება და ხშირად მთელი დღე საოჯახო საქმეებში გადის. ლამზირას თავისუფალი დრო იშვიათად აქვს, თუმცა როცა დასვენებისთვის დროის გამონახვას ახერხებს, ჯდება და ქსოვას იწყებს.
“ვქსოვ თოჯინებს, ყვავილებს, მაგიდის გადასაფარებლებს, ფაჩუჩებს, ბაფთებს, ჩანთებს. ქსოვა სკოლაში ვისწავლე. ძირითადად საღამოს ვმუშაობ, დღის განმავლობაში საქონელს, ქათამს და სახლის საქმეებს უნდა მივხედო. დღე საქმეს რომ ვაკეთებ და შუალედში დრო მაქვს, მაშინაც კი ვქსოვ”, – ამბობს ლამზირა.
ლამზირა 13-14 წლის ასაკში ჩხირებს და ყაისნაღს უკვე სრულყოფილად ფლობდა.
“ისეთი დაინტერესებული ვიყავი ქსოვით, რომ მე-7 მე-8 კლასში უკვე კარგად ვიცოდი. ქარგვა და კერვაც შემიძლია, მაგრამ დრო არ მაქვს ამდენი. სახლში თუ რამე მჭირდება, მე ვაკეთებ, ფარდების შეკერვა, შარვლების და სვიტრების გადაკეთება. შვილიშვილი მყავს და ლამაზ -ლამაზ კაბებს სულ მე ვუკერავ”.
ლამზირა ნაქსოვ დეკორაციებსაც აწყობს, რისთვისაც ძირითადად მეორად ნივთებს იყენებს.
“ასაწყობად პოლიეთილენის, თუნუქის ბოთლებს ვიყენებ, ასევე არაჟნის და მაწვნის ქილებს. ასეთ ნივთებს არასდროს ვყრი, ვრეცხავ და ვინახავ, გააჩნია, რისი აწყობა მაქვს გადაწყვეტილი და ამ ძველ ნივთებს ზედ ვაქსოვ ხოლმე და ვიღებთ ოთახის დეკორაციას”.