ავტორი: ნინო იასამნიძე, ცხოველთა დამცველი
თავიდან იყო სიბრალული, რომელიც სიყვარულში გადაიზარდა. ჩემი ფისოები ყველა ტრავმირებულია. მე ისინი ისეთ მდგომარეობაში ვიპოვე სხვადასხვა დროს, რომ უბრალოდ ვერ დავტოვე ქუჩაში, რადგან ეს პირდაპირ ნიშნავდა სიკვდილისთვის გამეტებას.
სახლში მიგყავს. ფიქრობ, პირველად დახმარებას გაუწევ, უმკურნალებ და შემდეგ გამოჯანმრთელებულს გაუშვებ, მაგრამ გრძნობ, რომ შეუყვარდი, მოგეკედლა და უკვე შენც გიყვარს, ქუჩის ცხოვრებისთვის ვეღარ იმეტებ და ასე ხდება შენი ოჯახის წევრი.
რა სჭირდებათ შინაურ ცხოველებს ჩვენგან?
ძაღლისგან განსხვავებით, კატას დიდი მოვლა არ ჭირდება, რადგან ძალიან სუფთა ცხოველია, თვითონ უვლის თავს, თვითონ ბანაობს (ილოკავს ბეწვს) და მუდმივად სუფთაა. ძაღლი თვითონ ვერ ბანაობს, შენ უნდა დაბანო, თუმცა მაინც აქვს თავისებური სუნი, განსხვავებით კატისგან.
რაც შეეხება ტუალეტს, ოთახის პირობებში, ვეტ-აფთიაქებსა და მაღაზიებში იყიდება სპეციალური ქვიშა, რომელიც ამარტივებს ამ პროცესს, ასევე, იოლად ეჩვევიან უნიტაზს და ტრაპს.
რაც შეეხება დეჰელმინთიზაციას, 6 თვეში ერთხელაა საჭირო. ფისოებს ძაღლებისაგან განსხვავებით, გასეირნება არ ჭირდებათ და უფრო კომფორტულები არიან ამ მხრივ.
ძირითადად თავის საჭმელს ვაჭმევთ ძაღლებსაც და კატებსაც. თუმცა ძეხვეული და ხორცი ყველას უყვარს.
რას ვიღებთ შინაური ცხოველებისგან?
იმ ქვეყნებში, სადაც ცხოველები უყვართ, არაერთხელ უთქვამთ, რომ კატა აფთიაქში უნდა იყიდებოდეს სამკურნალო უნარების გამო. ისინი გრძნობენ, როცა ადამიანს რამე აწუხებს და ხშირ შემთხვევაში, გვერდიდან არ შორდებიან ასეთ დროს. მათ დამამშვიდებელი ზეგავლენა შეუძლიათ მოახდინონ ადამიანზე. განსაკუთრებით სარგებელი მოაქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით დაავადებული ადამიანებისათვის.
კატებს ჰგონიათ, რომ რომ სხვის სახლში კი არ არიან, არამედ ჩვენ ვართ მათთან. ყველაფერი ახალი ჯერ მათ უნდა ნახონ, ძალიან ინტერესიანები არიან. განსაკუთრებული თამაში იციან. ყველას ესმის საკუთარი სახელი და სხვის სახელზე არ იხედებიან დაძახებისას.
იგივე შემიძლია ვთქვა ძაღლებზე. ძალიან იციან მოჩვევა და რაც მთავარია – მადლიერება და ერთგულება. ერთი შეხედვით გრძნობს ძაღლი ადამიანის დამოკიდებულებას.
როგორ არ უნდა მოვექცეთ ცხოველებს?
ბევრი ადამიანი ნაგავში ყრის ან წყალს ატანს საჭმლის ნარჩენებს, არადა, შეუძლია სიკეთე გააკეთოს და მიუსაფრები დააპუროს, თუნდაც ერთი ლუკმით, მაგრამ, თუ ეს არ შეუძლიათ, ნუ დაწიხლავენ მაინც. ბოლოსდაბოლოს, ადამიანის განვითარების დონე იქაც ვლინდება, როგორ ექცევა თავისზე სუსტ არსებებს.
ძაღლისგან განსახვავებით, კატა ორმაგად მებრალება, რადგან მას ადამიანის გარდა, ძაღლიც ერჩის.
საზოგადოების დიდი ნაწილი ნეგატიურად არის განწყობილი უპატრონო ცხოველების მიმართ, არადა, მათი ასე მომრავლება სწორედ რომ ადამიანის ბრალია:
- ზოგი შვილის გასართობად მიიყვანს ძაღლს სახლში, მერე ბეზრდებათ;
- ზოგი ბავშვის დაბადების შემდეგ შვილივით გაზრდილ და ნაფერებ ძაღლს დაუნდობლად აგდებს ქუჩაში და არა მარტო შიმშილისთვის, არამედ ქუჩაში უკვე დამკვიდრებული ძაღლების სამსხვერპლოდ იმეტებს;
- ზოგი ავტობანზე ტოვებს თავის ოთხფეხა მეგობარს იმ მიზნით, რომ ის სახლს ვეღარ მიაგნებს და ასევე შიმშილისა და სასტიკი სიკვდილისთვის წირავს.
თუ შეგყავს სახლში ცხოველი, მაშინ უნდა შეგნებული გქონდეს, რომ მასზე პასუხისმგებელი ხარ მისი სიცოცხლის ბოლომდე და მხოლოდ გასართობი არ არის. ცხოველმა ძალიან იცის ადამიანის შეყვარება და შეჩვევა და სერიოზულ ტრავმას იღებს, როცა ადამიანი უგულოდ აგდებს მას ქუჩაში.
ხშირად ისმის: „რა დროს ცხოველია, როცა ადამიანს უჭირს“. სიკეთის გაკეთება ორივე შემთხვევაშია შესაძლებელი და ერთი მეორეს არ გამორიცხავს. გვახსოვდეს, რომ ცხოველი ადამიანისგან განსხვავებით ვერასდროს იტყვის, რომ მშიერია ან რაღაც უჭირს – ეს უნდა იგრძნო.