ავტორი: თამილა კოშორიძე, მუზეუმის ხელმძღვანელი
რეგიონულ მუზეუმებს განსაკუთრებული კულტურულ-საგანმანათლებლო როლი ენიჭებათ. მათი მთავარი ფუნქციაა გაუფრთხილდნენ წარსულს – მომავლისათვის.
რეგიონალური მუზეუმების ფუნქციაა მოიძიოს და არ დაუშვას მატერიალური, თუ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების გაქრობა-განადგურება. სამეცნიერო კვლევების, გამოფენების, პუბლიკაციების, სოციალური მედიის საშუალებით მოახდინოს მათი პოპულარიზაცია – განსაკუთრებით მოსწავლე ახალგაზრდებში. ვფიქრობთ, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ამ ყველაფერს წარმატებით ართმევს თავს.
მისი უმთავრესი სამიზნე აუდიტორია მოსწავლე ახალგაზრდობა გახლავთ. იმისათვის, რომ ვიზიტი ერთდროულად შემეცნებითიც იყოს და სახალისოც, მუზეუმში 2015 წლიდან მუშაობს საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც სხვადასხვა შინაარსის და ტიპის პროექტებით ეხმარება მუზეუმს მისი მისიის სრულფასოვნად შესრულებაში.
მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტები ინტეგრირებულია სკოლის სასწავლო გეგმასთან, რაც განაპირობებს საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილეთა რიცხოვნობის ზრდას. მუზეუმი მოსწავლეებს სთავაზობს პროგრამებს: „თამაშით ვსწავლობთ ისტორიას“, „პატარა არქეოლოგები“, „ქართული ტრადიციული სამოსი და აქსესუარები“; „პატარა კალიგრაფები“, „საახალწლო ტრადიციები“, „ჯადოსნური თავგადასავალი ნაძვის ხესთან“ , „სააღდგომო ტრადიციები“ და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულნი არიან არა მხოლოდ გორის, არამედ ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეები.
როგორ ცდილობს მუზეუმი ქართული კულტურის და ისტორიის პოპულარიზაციას?
მუზეუმში ფუნქციონირებს ხუთი საგამოფენო დარბაზი, ერთი საკონფერენციო და ერთი საგანმანათლებლო სივრცე.
საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო გახლავთ მუზეუმის საგამოფენო სივრცე: სამ დარბაზში წარმოდგენილია არქეოლოგიური ექსპოზიცია, რომლის ქრონოლოგია იწყება ძვ. წ. IV ათასწლეულით და მოდის XVIII ს-მდე. ერთი დარბაზი ეთმობა შიდა ქართლის ეთნოგრაფიული ყოფისთვის დამახასიათებელ ნიმუშებს.
2021 წელს მუზეუმში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების „მიუნცკაბინეტი“- ნუმიზმატიკური ექსპოზიცია, რომელიც თავისი შინაარსით და ექსპონირებით ტოლს არ უდებს დიდ სამუზეუმო ცენტრებს.
მუზეუმში ასევე ხშირად ეწყობა დროებითი გამოფენები.
ღრმადშინაარსიანი გამოფენებით გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ცდილობს ქართული კულტურის და ისტორიის პოპულარიზაციას როგორც ქართველ, ისე უცხოელ დამთვალიერებელთა შორის.
დღეისათვის მუზეუმის ექსპოზიციას ხშირად სტუმრობენ უცხოელი ვიზიტორები – ძირითადად ინდივიდუალურად მოგზაური ტურისტები, თუმცა სასურველია მათი ინტერესის ზრდა და გაცილებით მეტი სტუმარი. ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის გამოფენებზე წარმოდგენილი არტეფაქტები და სხვა ვიზუალური მასალა საშუალებას აძლევს უცხოელ ტურისტს გაეცნოს არა მხოლოდ გორის და შიდა ქართლის, არამედ მთლიანად საქართველოს ისტორიას, ყოფას, კულტურას.
ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს 88-წლიანი ისტორია აქვს
ადგილობრივი საზოგადოებრიობის უშუალო ინიციატივით და აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის და პროფესორ სერგი მაკალათიას მხარდაჭერით, 1935 წლის 29 ნოემბერს, გორში გაიხსნა სამხარეთმცოდნეო მუზეუმი. 1943 წელს მუზეუმს შეეცვალა პროფილი და ეწოდა ისტორიულ-ეთნოგრაფიული.
დაარსების დღიდანვე გორის მუზეუმი იქცა მხარის კულტურულ ჰაბად, სათაო მუზეუმად. ათეული წლების განმავლობაში მუზეუმის თანამშრომლები ეწეოდნენ სამეცნიერო კვლევით და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას. მათი უმთავრესი მისია საკუთარი რაიონის, თუ მხარის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის და ტრადიციების მეცნიერული შესწავლა გახლდათ. ეწყობოდა არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ექსპედიციები, რის შედეგადაც დღეისათვის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ფლობს 110 000-ზე მეტ ექსპონატს, რომელთა დიდი ნაწილი განსაკუთრებული კულტურულ-ისტორიული ღირებულების მქონეა. მუზეუმში დაცულია საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების ისტორიის ამსახველი მდიდარი არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური მასალა, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, უძველესი ხელნაწერი წიგნები და ისტორიული საბუთები.
და ბოლოს, ვფიქრობ, რომ ყველაზე ხშირად მუზეუმს უნდა სტუმრობდნენ ახალგაზრდები. აქ მათ დახვდებათ მშვიდი, უსაფრთხო, თბილი გარემო, მრავალფეროვანი და ღრადშინაარსიანი ექსპოზიცია, რომელიც საკუთარი ქვეყნის წარსულში ამოგზაურებს, ასევე აგრძნობინებს, რომ საქართველო ოდითგანვე მსოფლიო ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.