სტატიები

რატომ უჭირთ ახალგაზრდებს დასაქმება და ვის რისი გაკეთება შეუძლია მათ მხარდასაჭერად?

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 25% 15-29 წლის ახალგაზრდები არიან. მათი ნაწილი ფორმალური საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ, იმ დროს, როცა სჭირდება, თავი ღირებულ, დამოუკიდებელ და პროდუქტიულ ადამიანად იგრძნოს, სამსახურს ვერ შოულობს. ამ პრობლემის წინაშე საქართველოში ახალგაზრდების თითქმის 30% დგას. ​
“უნივერსიტეტში Სწავლის პროცესშივე მივხვდი, რომ რასაც ვსწავლობდი, ის საჩემო საქმე არ იყო”
ეთო თარაშვილი
26 წლის, მეწარმე

ეთო პროფესიით კვებითი ინდუსტრიის ინჟინერია. ამ მიმართულებით უნივერსიტეტში 4 წელი ისწავლა.

მაშინვე ვხვდებოდი, რომ ეს სფერო ჩემი არ იყო. ვგრძნობდი, სხვა რაღაც მაინტერესებდა. არადა, უკვე ამდენი დრო და ფინანსები მქონდა დახარჯული”.

Სწავლის დამთავრების შემდეგ, ეთომ საკუთარი პროფესიით სამსახურის შოვნა ვერ შეძლო.  უმუშევარი იყო, როცა “Save the children”-ის პროგრამის  “მეწარმეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები” შესახებ გაიგო და ჩართვა გადაწყვიტა. 

“ახლა Რომ ვხედავ, ჩემი იდეა საქმედ როგორ იქცა, ძალიან მიხარია და სულ მის განვითარებაზე ვფიქრობ, მაგრამ დახმარების გარეშე, მართლა არ ვიცი, ახლა რას გავაკეთებდი ან თუ გავაკეთებდი რამეს”.

ეთომ პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნით და დაფინანსებით, სამკაულების ბრენდი “Mi Amor” შექმნა. ის სამკაულებს ნატურალური ქვებისგან ამზადებს და ამ ეტაპზე, სოციალური ქსელებით ყიდის. 

“უცნაური განცდა მაქვს, ძალიან იმედიანად ვარ. Მგონია, რადგან აქამდე მოვედი, ახლა უფრო მეტსაც გავაკეთებ. ამჟამად, დაფინანსება უკვე აღარ მაქვს და ყველა ხარჯს საკუთარი შემოსავლებით ვფარავ.”

ეთო ახლა გორში ცხოვრობს. Სამუშაო სივრცეც საკუთარ სახლში აქვს მოწყობილი, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამ მონდომებით და ინტერესით, ბიზნესის გაფართოებას და მალე, სხვა ადამიანების დასაქმებასაც შეძლებს.

“Როცა მეწარმეობის მნიშვნელობა გავიგე, მივხვდი, რისი კეთება მინდოდა”
ჯონდო ცერცვაძე
24 წლის, მეწარმე

ჯონდო პროფესიით იურისტია. უნივერსიტეტი 2 წლის წინ დაამთავრა, თუმცა ამ მიმართულებით სამსახური ვერ იშოვა.

“ეს ამბავი არავის გაჰვირვებია. უამრავი ეგეთი შემთხვევაა. Სწავლობენ, უნივერსიტეტს ამთავრებენ, მაგრამ დასაქმებას ვერ ახერხებენ. Გარშემო Სულ ეგრე არ ხდება?!”.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჯონდო მშობლიურ სოფელში, ზეღდულეთში დაბრუნდა. გასულ წელს კი, ახალგაზრული მუშაკის რჩევით, ეთოს მსგავსად, ისიც “Save the children”-ის პროგრამაში ჩაერთო.

“Მანდ გავიგე, რა იყო მეწარმეობა და მერე ჩემ ცხოვრებასაც სხვანაირად შევხედე. Მივხვდი, რომ რაც კარგად გამომდიოდა და მაინტერესებდა, შეიძლებოდა ჩემი საქმეც ის ყოფილიყო”.

ჯონდომ ნივრის და კიტრის მწნილის დამზადების ოჯახური ტრადიცია სტარტაპად აქცია და ბრენდი “წნილის მეფე” შექმნა. Საკუთარ ნაწარმს ის მალე მაღაზიებშიც შეიტანს. 

“ყველას ვუყვები ჩემ ამბავს. განსაკუთრებით, ჩემ თანასოფლელ ახალგაზრდებს. Სულ ვცდილობ დავარწმუნო, რომ თუ რაიმე იდეა აქვთ, ამ ქვეყანაში მოიძებნება ხალხი, ვინც მათაც დაეხმარება, მაგრამ ხშირად ვერ ვაჯერებ. მგონია, რომ ვერ ბედავენ, ეშინიათ”.

ნაკლები უნარები და შიშები

ეთოს და ჯონდოს ცხოვრება, სტარტაპ იდეის შემუშავებამდე, იმ ათასობით ახალგაზრდისას ჰგავდა, ვინც საკუთარი თავის და შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახერხებს. ამ პრობლემის წინაშე, საქართველოში, სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ახალგაზრდების 30% დგას.

საქართველოს მოსახლეობა
ახალგაზრდები 25%
ახალგაზრდობა
დასაქმების პრობლემით 30%
"ახალგაზრდების დიდ ნაწილს არ აქვს თვითრეალიზაციისთვის საჭირო უნარები"
მარიამ ისპირიანი
ახალგაზრდული მუშაკი

ახალგაზრდების პრობლემებთან და გამოწვევებთან თითქმის ყოველდღიური შეხება აქვს ახალგაზრდულ მუშაკს, მარიამ ისპირიანს. Მისი თქმით, ახალგაზრდებს დასაქმებასა და ეკონომიკურ განვითარებაში ყველაზე მეტად ხელს თვითრეალიზაციისთვის საჭირო უნარების ნაკლებობა უშლით.

“ერთია, არასწორად არჩეული პროფესიები, მაგრამ არანაკლები პრობლემაა ის, რომ ახალგაზრდების უმრავლესობამ არ იცის, მაგალითად, როგორ შეადგინოს რეზიუმე ან როგორ გაიაროს გასაუბრება წარმატებით. Მათ სჭირდებათ, უნარები, რომლებიც ეფექტურ კომუნიაციაში წაადგებათ.”

Საჭირო უნარების არქონა, ფსიქოლოგების აზრით, ახალგაზრდებში თავდაჯერებულობას, თვითრწმენის განცდას აქვეითებს და პასუხისმგებლობის შიშს აჩენს.

“საჭიროა, ახალგაზრდებს ადრეულ ასაკშივე მიეცეთ დამოუკიდებლად სხვადასხვა აქტივობების კეთების საშუალება. ამისკენ უნდა იყოს მიმართული ოჯახიც და შემდგომ, უკვე სკოლაც. თუ ადრეულ ასაკშივე ვერ დააგროვებს მოზარდი ამგვარ გამოცდილებას, წლების მატებასთან ერთად, მისი გამდებაობა მოიკლებს და ნელ-ნელა ახალი პასუხისმგებლობების აღებისაც შეეშინდება”, – გვითხრა ანა ხუტიაშვილმა. 

ანა ბავშვთა ფსიქოლოგია და სკოლის მოსწავლეებთან მუშაობს. საკუთარ დაკვირვებაზე დაყრდნობით, ფიქრობს, რომ ახალგაზრდებს საკუთარ ინტერესებში, მისწრაფებებსა და შესაძლებლობებში გამორკვევა სწორედ სასკოლო პერიოდში სჭირდებათ.

“Სხვა შემთხვევაში, მივიღებთ ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლობენ იმას, რაც არ აინტერესებთ ან ეუფლებიან ისეთ პროფესიას, რომელიც ბაზარზე მოთხოვნადი არ არის და შემდეგ, სამსახურის ძიებისას იმედები უცრუვდებათ. ამ ყველაფერს კი დემოტივირებულ თაობამდე მივყავართ”

ვის როგორ შეუძლია ახალგაზრდების მხარდაჭერა?

არსებობს პროფესიები, რომლებიც ადამიანებს დასაქმებაში ეხმარება. კარგი იქნება, თუ ამ პროფესიის ხალხი საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმუშავებს. ​
მარი მღებრიშვილი
"საზოგადოება - ბილიკის" დირექტორი

Მარი მღებრიშვილი “საზოგადოება – ბილიკის” დირექტორია. ეს ორგანიზაცია “Save the Children International”-ის იმ პროგრამის ერთ-ერთი პარტნიორია, რომელიც საქართველოში 15-29 წლის ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება.

“საჭიროა, რომ პროფესიული სასწავლებლები საკუთარ გადამზადებულ ახალგაზრდას ხანგრძლივად აქცევდნენ ყურადღებას, იქამდე, სანამ სტაჟირების შემდეგ, არ დასაქმდებიან. Ამისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებებს თანამშრომლებლად სჭირდებათ დასაქმების კონსულტანტები ან მაგალითად, ქოუჩები”, – ამბობს მღებრიშვილმა.

Მისივე თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთ-ერთი სამუშაო მიმართულება სოციალური პასუხისმგებლობის გააზრების მიზნით, ბიზნესთან აქტიური თანამშრომლობა უნდა იყოს.

“ბიზნესს უნდა ჰქონდეს თავისი სოციალური პასუხისმგებლობა, რათა განავითაროს თავისივე ბიზნესში სტაჟირების კომპონენტი. ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა ისწავლონ, განვითარდნენ და შემდგომში უკვე დასაქმდნენ კიდეც. ამ მიმართულებით, ბიზნესებთან აქტიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ხელს უწყობდნენ, მათსა და აზალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას”.

გარდა დასაქმებისა, მარიკა მღებრიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების ინიციატივების და იდეების მხარდაჭერა, რაც მუნიციპალურ და ცენტრალურ დონეზე სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს.

რას აკეთებს სახელმწიფო?

მუნიციპალიტეტების დონეზე ახალგაზრდების იდეებისა და ინიციატივების მხარდაჭერა და თანადაფინანსება არასისტემურია. ცენტრალურ დონეზე კი, ამ მხრივ ახალგაზრდების მხარდაჭერა  ახალგაზრდობის სააგენტოს ფუნქციაა, თუმცა სააგენტო ამ ეტაპზე მხოლოდ პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობს.

სააგენტოს ახალგაზრდულ მუშაკებს ამჟამინდელი ხარისხით შესაძლებლობა აქვთ საკუთარი საქმიანობა განახორციელონ პროფესიულ სასწავლებლებში.
გიორგი ედიშერაშვილი
ახალგაზრდული მუშაკი

გიორგი ახალგაზრდული საქმიანობით, ევროკავშირის გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამით იტალიაში ყოფნისას დაინტერესდა. იქაურ მიდგომებზე ერთწლიანი დაკვირვების შემდეგ კი, გადაწყვიტა შეძენილი ცოდნა და გამოცდილება საკუთარი სამუშაო მიმართულების ნაწილად ექცია.

ახლა ის ერთ-ერთია იმ 40-მდე ახალგაზრდული მუშაკიდან, რომელსაც სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი აქვს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის მიერ შემუშავებული „ახალგაზრდული მუშაკის“ აკრედიტირებული პროგრამა მხოლოდ ერთხელ, 2020 წელს ახალგაზრდობის სააგენტოსთან და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან ერთად განხორციელდა.

“ამ ეტაპზე სახელმწიფო დონეზე ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული ახალგაზრდული მუშაკის პროფესიული სტანდარტი. არსებობს ახალგაზრდული საქმიანობის რამდენიმე მიმართულება, მათ შორისაა სასკოლო ახალგაზრდული საქმიანობა. ევროპაში აპრობირებულია სასკოლო ახალგაზრდული საქმიანობა. Ჩვენთან ახლა იწყება ეს პროცესი”. 

Საქართველოს შემუშავებული და დამტკიცებული აქვს 2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთი მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც ახალგაზრდები ღირსეულ დასაქმებას და განვითარებას შეძლებენ.

ამ მიზნით, ქვეყანაში  პროფესიული უნარების სააგენტოც მუშაობს, რომლის მიზანი შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების დანერგვა, ინოვაციური სწავლების მხარდაჭერა, კონკურენციის გაუმჯობესება და უკეთესი დასაქმების შესაძლებლობების გაჩენაა.

“ჩვენ გვინდა საგანმანათლებლო დაწესებულებები უნარების ეკო სისტემებად გარდავქმნათ, სადაც შეიქმნება სამეწარმეო გარემო, წახალისდება და მხარი დაეჭირება სტუდენტების პოტენციალის გააქტიურებას, არა მხოლოდ დასაქმების მხარდაჭერის, არამედ მათი სამეწარმეო პოტენციალის რეალიზების კუთხით“, – თქვა სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა.

Რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?

Რასაც ვუყურებთ, ჯერჯერობით ყველაფერი არის გარე ინტერვენცია, რომელიც ვერასოდეს ისეთ შედეგს ვერ მოიტანს, როგორსაც ამ ყველაფრის დანერგვა ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში.
რევაზ აფხაზავა
განათლების მკვლევარი

განათლების მკვლევარი რევაზ აფხაზავა ამბობს, რომ ვითარების გაუმჯობესებისთვის, საჭიროა ზოგადი საგანმანათლებლო სისტემის შეცვლა და მისი ორიენტირება ახალგაზრდებში თვითრეალიზაციისთვის საჭირო უნარების განვითარებაზე.

Ჩვენ გვჭირდება სისტემური მიდგომა – სკოლა უნდა გახდეს ორიენტირებული Საბაზისო უნარების განვითარებაზე და სკოლაშივე უნდა მოხდეს პროფესიული კონსულტაციის სისტემის დანერგვა”.

ამის გარეშე, აფხაზავას სიტყვებით, “ჩვენი ახალგაზრდები თანამედროვე სამყაროში, სადაც დასაქმების ბაზარიც კი გლობალიზებულია, საკუთარ ადგილს ვერ იპოვიან”.

დასავლეთის სკოლებში დაბალი კლასებიდანვე ასწავლიან ბავშვებს დაგეგმვას, ბიუჯეტის შედგენას, შედეგების შეფასებას. Სწორედ ესე იწყება თვითდასაქმების, თვითგანათლების, მეწარმეობის უნარების განვითარება და ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენც, რადგან ადამიანებს მივცეთ საშუალება, რომ მომავალში თავად გახდნენ დამსაქმებლები”.

Რაც შეეხება სკოლებში პროფესიული კონსულტირების სისტემის დანერგვას, როგორც აფხაზავა ამბობს, ამის გარეშე, კიდევ ბევრი ახალგაზრდა აცდება საკუთარ ინტერესებს, შესაძლებლობებს და შრომის ბაზრის მოთხოვნებს

განვითარებულ ქვეყნებში დამამთავრებელ კლასებში ჰყავთ პროფესიული კონსულტანტები. ეს არის მთელი სისტემა, რომელიც მოიცავს საკუთარი შესაძლებლობების შეფასებას, შრომის ბაზარის მოთხოვნების გაცნობას და სხვადასხვა პროფესიების შესახებ დეტალური ინფორმაციების მიწოდებას. Ზუსტად ეს უნდა გაკეთდეს ჩვენთანაც”.

რატომ და რამდენი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უკანასკნელი მონაცემებით, მხოლოდ ერთ წელში, 2021 წელს საქართველო 99 974-მა ადამიანმა დატოვა, აქედან 38 128 ემიგრანტი 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდაა.

ემიგრანტები
20-30 წლის ახალგაზრდები 38%

“ფრიდრიხ ებერტის ფონდმა” 2020 წელს ახალგაზრდებში კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ:

ახალგაზრდები საზღვარგარეთ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად მიდიან და არა - განათლების მისაღებად.
ფრიდრიხ ებერტის ფონდი
კვლევა, 2020 წელი

ერთ-ერთი ასეთი ლალი გიგაურია, რომელიც ახლა ავსტრიაში ცხოვრობს. კითხვაზე პასუხისას, თუ რატომ გადაწყვიტა საქართველოდან წასვლა, ლალიმ ერთი ისტორია გაიხსენა:

“ფინანსისტი ვარ. უნივერსიტეტის შემდეგ, ბანკში დავიწყე მუშაობა და მუშაობის პირველ დღეს თანამშრომლისგან მოსმენილმა – “15 წელია ამ საქმეს ვაკეთებ”, დამარწმუნა, რომ წინსვლის და განვითარების კი არა, განძრევის საშუალება არ მექნებოდა და სამწუხაროდ, მართალიც აღმოვჩნდი. ერთ კვირაში დავიწყე კვდომა და ერთი წელი ვკვდებოდი. ბოლოს ჩემი დიდებული, 200 ლარიანი ხელფასის ნახევარი არასწორ ტრანზაქციას შევწირე, დანარჩენი 100 ლარი ავიღე და სამსახურს დავემშვიდობე.”

ლალი სამშობლოში საცხოვრებლად დაბრუნებას არ აპირებს. მისივე სიტყვებით, “საქართველოში დეფიციტია პროფესიების და ამ პროფესიებით დასაქმების შანსების”.

“იცით, მხოლოდ სწავლის მიზნით წასული ადამიანებიდანაც კი, ძალიან პატარა ნაწილი ბრუნდება უკან, 4-5 წელი როდესაც ცხოვრობ სხვა ქალაქში, იქ გიჩნდება გარემო, მეგობრები, ხშირად სამსახურიც და აღარ გინდა უკან უძრაობაში დაბრუნება.”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.