კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალციხე ერთ-ერთია იმ სოფლებიდან, სადაც სოფლის კრება ჩატარდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ კრებაზე შერჩეული პროექტი მოსახლეობის სურვილს არ ემთხვევა.
„გაზი არ გვაქვს, ამდენი წელია ამას ვითხოვთ, ვის მოუვიდა თავში აზრად სასაფლაოს შემოღობვა აერჩია სოფლის პრიორიტეტად?“, – ამბობენ სოფელ ახალციხის მაცხოვრებლები.
ახალციხის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სამი სოფელი შედის, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა 7 თებერვალს ჩატარდა. კასპის მერიის ინფორმაციით, სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით პრიორიტეტები ასე გადანაწილდა:
- სოფელი ახალციხე – სასაფლაოს შემოღობვა;
- სოფელი მთიულთუბანი – სასმელი წყლის დებეტის მომატება;
- სოფელი ნოსტე – ერთ უბანში საუბნო სასმელი წყლის მოწყობა.
მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ადგილობრივები გამოეხმაურნენ. ახალციხელების თქმით, სოფელში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, სასაფლაოს შემოღობვა კი მეორე ხარისხოვანია.
“ყოველ წელს რომ წყალს აკეთებენ, გაზი შეიყვანონ ამდენი ფულის დანიავებას. გაზი რომ არაა სოფელში, რომელი საუკუნეა? რა უპატრონოობაა“, – წერს თამო წიკლაური.
“ახალციხეში სასაფლაოს შემოღობის გარდა პრობლემას ვერ ხედავთ? თუ თავებს ვიბრმავებთ და იბრმავებთ?! მეორე ვარიანტია: ცოცხლებს არაფერი გვეშველება და დაღუპულებს მაინც მიაგებთ პატივს?!მასხრად აგდებაა ეს ხალხის, ეგ ბიუჯეტი სასმელ წყალს რომ მოახმაროთ,სჯობს. მიცვებულებს ჩვენ ვცემთ პატივს”, – წერს ერთ-ერთი ადგილობრივი, ეკა გიორგაძე.
“ახალციხეს მარტო სასაფლაოს შემოღობის პრობლემაა აქვს და სხვა ყველაფერი გადასარევადაა მოგვარებული? ამოიღეთ ხმა .წყალი რომ არ არის, წლების განმავლობაში და გაზი რომ ყველგანაა და ამ სოფელს რომ არ ეღირსა არასოდეს არაფერი”, – წერს ირმა ირემაშვილი.
მოსახლეობის პრეტენზიებს კასპის მერიამ მოკლე კომენტარით უპასუხა. უწყების განმარტებით, ახალციხის ადმინისტრაციულ შემავალ სოფლებში ბუნებრივი აირის შესაყვანად პროექტის შედგენა 2024 წელს დაიწყება.
„გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 2024 წელს მოამზადებს სოფელ ახალციხეს, ნოსტეს მთიულთუბნის და ერთაწმინდის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას და შესაბამისად სამუშაოებიც დაიწყება“.