გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებს.
დახმარების მსურველებს 9 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, უნივერსიტეტში შეუძლიათ მიიტანონ ტანსაცმელი, საკვები და ჰიგიენის ნივთები, როგორც ზრდასრულებისთვის ასევე ბავშვებისთვის.
“გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება 6 თებერვალს, კაჰრამანმარაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად თურქეთის საელჩოს კოორდინაციით დაწყებულ ჰუმანიტარული დახმარების აქციას. საელჩო მოხარული იქნება, თუ შემოწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი, ღია პაკეტში მოთავსებული”, – წერს სოციალურ ქსელში უნივერსიტეტის ადმინისტრაცია
ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების კამპანიას გორის საჯარო სკოლებიც შეუერთდებიან. ამის შესახებ გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა “მოზაიკასთან” ისაუბრა.
ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, საჯარო სკოლებმა დახმარების სურვილი თავად გამოთქვეს.
“სკოლები ცალკე კამპანიას არ აწარმოებენ, ისინი უნივერსიტეტის წამოწყებულ აქციას შეუერთდებიან. რამოდენიმე სკოლამ უკვე დამირეკა და სურვილი გამოთქვა დახმარების”, – ამბობს ტერმაკოზაშვილი.