სტატიები

კრება ხელახლა ჩაატარეთ – წრომელებს სოფლის კრებაზე შერჩეული პროექტი არ მოსწონთ 

“წრომში თავიდან ჩამობრძანდით, ან რამე რეაგირება მოახდინეთ. დასასვენებელი სივრცე (ბირჟა) ამ ეტაპზე ჩვენთვის პრიორიტეტული არაა”, – ამბობენ წრომელები და ხაშურის მერიას სთხოვენ სოფლის კრება ხელახლა ჩაატაროს. 

წრომელები კრებაზე შერჩეული პროექტით უკმაყოფილოები არიან და ამბობენ, რომ სოფელში უამრავი მოუგვარებელი პრობლემაა, რომელიც მოსახლეობისთვის უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე დასასვენებელი სივრცის მოწყობა. 

“წრომში თავიდან ჩამობრძანდით ან რამე რეაგირება მოახდინეთ.დასასვენებელი სივრცე (ბირჟა) ამ ეტაპზე ჩვენთვის პრიორიტეტული არაა.სიფელში სადაც ნაგვის ურნა არ დგას,შიდა გზები არაა მოწესრიგებული.წყალი დაბინძურებულია, დასალევად უვარგისი. საბავშვო გასართობი სივრცე არაა მოწყობილი რატომ უნდა გვინდოდეს სტალინის ძეგლის რეაბილიტაცია და “ბირჟის” მოწყობა. ეს არაა მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნა და რამდენიმე ადამიანი არ უნდა წყვეტდეს”,  – ამბობს ნატა ივანაშვილი.

“წრომში ან თავიდან მობრძანდით და ჩაატარეთ კრება, ისე რომ ყველამ იცოდეს და დაესწროს, ან საბავშვო სკვერს მიხედეთ, სადაც ბავშვს ვერ ჩაიყვან, არაფერი რომ არაა გველების და ბაყაყების გარდა. ან ნაგვის ურნები დადგით, ქუჩაში რომაა ნაგავი მოფანტული. დასასვენებელ სივრცეში, რომ მიხვიდე და დაისვენო ან გზა უნდა გქონდეს ნორმალური. დასასვენებელ სივრცემდე უამრავი რამაა გასაკეთებელი და ამას რომ მოაგვარებთ მერე ჩვენც მივალთ და დავისვენებთ” , – წერს სოფო ბარბაქაძე. 

წრომში მცხოვრები მოსახლეობა ფიქრობს, რომ სოფელში მთავარი საკითხი სასმელი წყლის პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც ადგილობრივები წლებია ითხოვენ. 

“წრომში, ყველაზე პრიორიტეტული სასმელი წყლის არსებობაა, შემდეგ გზები, ნაგვის ურნები, გასართობი სივრცე ბავშვებისთვის, ხაზგასმით ავღნიშნავ ბავშვებისთვის, ასევე საბავშვო ბაღის ტერიტორიის გაფართოება, რეკრიაციული ზონა და ყველაზე ბოლოა დასასვენებლი სივრცე. ბავშვებისთვის განკუთვნილ სივრცეს ესაჭიროება, განახლება”, –  ამბობს ნანა კილასონია.

წრომელების პრეტენზიებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოეხმაურნენ. უწყებაში განმარტავენ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის მცირე თანხაა გამოყოფილი და ისეთი მასშტაბური პრობლემების აღმოსაფხვრელად, როგორიცაა სასმელი წყალი და გზების მოწესრიგება, საკმარისი არ არის. 

“ეს კონკრეტული თანხა არის მცირედი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში და ასევე, მცირე პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს, ამიტომ მოსახლეობამ გადაწყვიტა სკვერის მოწყობა, რაც შეეხება გზებს, წყალს და ა.შ. მოგვარდება მუნიციპალიტეტის სახსრებით”, – განმარტავენ ხაშურის მერიაში. 

შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, სოფლისთვის პრიორიტეტული პროექტების შერჩევა ხდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა შერჩეული პროექტით უკმაყოფილოა, რადგან როგორც ამბობენ, მათ მიერ გაჟღერებულ პრობლემებზე ხელისუფლება პასუხობს, რომ თანხა საკმარისი არ არის. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.