ხაშურში, ყაზბეგის ქუჩაზე გარე განათების ბოძების გაკეთებას ითხოვენ. ადგილობრივები ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ. მათი თქმით, განათებების გარეშე აღნიშნულ ქუჩაზე ღამით გადაადგილება საშიშია.
“ყაზბეგის ქუჩაზე ლიანდაგებთან, სადაც არის გასავლელი ცოტა უცნაური და საშიში, დღე მეშინია ხშირად გავლა ღამე არანაირი განათება არ არის. ყოველდღე მიწევს შვილების მაგ გზით გაცილება, სულ ვხვდები რომ არ შეეშინდეთ. ბევრჯერ არასააიამოვნო ფაქტს ვარ შესწრებული. მეშინია მარტო გაშვების ბავშვების. ორჯერ შემიშინეს ვერ შევძელი დახვედრა. ახლაც იგივე მოხდა. ლამპოიონი დააყენეთ ან რამე მოუხერხეთ ამ ადგილს სანამ ვინმე დაიღუპა”, – წერს მოქალაქე.
“სულ მეშინია მაგ ადგილის, დიდი ვარ და მაინც…. თან ყოველ დღე მიწევს გავლა. კარგი იქნება ნამდვილად, ერთი ლამპიონ”, – წერს მარიამ ნოზაძე.
მოქალაქეების მოთხოვნას ხაშურის მერიამ უპასუხა. უწყების განცხადებით, აღნიშნულ ადგილას განათების დაყენებას არ აპირებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, აღარ ისარგებლონ ლიანდაგით.
“ყაზბეგის ქუჩის მიმდებარედ, არ არის მოწყობილი ლიანდაგზე გადასასვლელი, ამიტომ, მისი თვითნებური გადაკვეთა დაუშვებელია. დამატებითი განათების მონტაჟი ამ ადგილზე არ იგეგმება, რადგან მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ მოქალაქე დაუშვებელ ადგილას ლიანდაგის თვითნებურად გადაკვეთას გადაწყვეტს. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები!”, – ნათქვამია ხაშურის მერიის განცხადებაში.