“შინაგანად უნდა იყო არტისტი, რომ ემოციის სცენაზე გამოტანა შეძლო, ეს არ ისწავლება”, – ამბობს კასპის საყმაწვილო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ეკატერინე ქვრივიშვილი.
ეკატერინე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში დაიბადა და გაიზარდა. ამბობს, რომ პროფესია “დედის მუცლიდან” დაჰყვა, მან მშობლის გზა აირჩია და 16 წლიდან სცენაზე დგას.
“დედა მსახიობი მყავს. ჩემზე იყო ორსულად, როდესაც სპექტაკლში თამაშობდა. მეუბნება ხოლმე, ალბათ იქიდან ხარ მოუსვენარი და იმ პერიოდში გაჩნდა შენში სურვილი, რომ მსახიობი ყოფილიყავიო. 16 წლის ჩავირიცხე, მოვხვდი მიხეილ თუმანიშვილთან. პირველი სპექტაკლი ვითამაშე “ზაფხულის ღამის სიზმარი”. შემდეგ ერთდროულად ვიყავი მეტეხის და რუსთავის თეატრებში და აქ უკვე არჩევანი უნდა გამეკეთებინა. ავირჩიე რუსთავის თეატრი, 22 წლის ვიყავი, როცა მივედი და მას მერე ვარ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში მსახიობად”, – იხსენებს ეკატერინე.
ეკატერინე მუშაობს პედაგოგად. ის საჯარო სკოლებში მუსიკას ასწავლის. ამავდროულად, წერს ლექსებს და პიესებს. უკვე ერთი წელია, რაც საყმაწვილო დასს ხელმძღვანელობს.
“საყმაწვილო დასი 20-მდე ახალგაზრდას აერთიანებს. ესენი არიან მონდომებული და გულანთებული ახალგაზრდები, ძალიან სუფთები, მართლები. გულწრფელია მათი ფრაზები და ემოციები. კასპში გასტროლით ვიყავი ჩამოსული, მაშინ შემომთავაზეს შეგვექმნა საყმაწვილო თეატრი და მე ვყოფილიყავი სამხატვრო ხელმძღვანელი. ჩემი დროის დეფიციტიდან გამომდინარე კი, შევფიქრიანდი, მაგრამ მერე ვთქვი, რატომაც არა, ბავშვები ვაზიაროთ თეატრის სიყვარულს. ასე ჩამოვაყალიბეთ დასი “ფარდის მიღმა”, რომლის სახელწოდებაც ჩემი საავტორო წიგნის მიხედვით ავირჩიეთ”.
ეკატერინე ამბობს, რომ ხელოვანის ცხოვრება რთულია, რადგან დრო პირადი ცხოვრებისთვის ნაკლებად რჩება.
“რაც ფარდის იქით ხდება, ეს არის ყველაზე დიდი ამბავი, აქ უდიდესი შრომაა ჩადებული. ის, რაც სცენაზე გამოდის, ეს არის უკვე დავარცხნილი და გამზადებული. ხელოვანის ცხოვრება და შრომა არის არანორმალური, როდესაც მუდმივ რეჟიმში გენატრება ახლობლები, შვილი. სულ მეჩქარება, სულ გარეთ ვარ”.
საყმაწვილო დასი გასტროლზე საბერძნეთშია მიწვეული. ისინი ქართველი და უცხოელი მაყურებლის წინაშე სპექტაკლს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან ითამაშებენ. ახლა დასს მოსამზადებელი პერიოდი აქვს და ხშირად რეპეტიციები მთელი დღეც გრძელდება.