ბლოგები

როგორ ამოვიცნოთ ვიტამინების დეფიციტი ორგანიზმში?

ავტორი: ნინო ჯეირანაშვილი, ენდოკრინოლოგი, რევმატოლოგი

ვიტამინები ორგანული შემადგენლობის შეუცვლელი საკვები ნივთიერებებია, რომლებიც მცირე რაოდენობით აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იმის გამო, რომ ვიტამინების უმეტესობას ადამიანის ორგანიზმი ვერ წარმოქმნის, ისინი საკვები პროდუქტებიდან უნდა მივიღოთ. გამონაკლისს წარმოადგენს ვიტამინი D, რომელიც სინთეზირდება კანში ულტრაიისფერი სხივების (UV) ზემოქმედების შედეგად.

როგორ ამოვიცნოთ ვიტამინების დეფიციტი ორგანიზმში?

ვიტამინებისს დეფიციტის სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ვიტამინის ნაკლებობას განვიცდით. დაღლილობა, უენერგიობა, სისუსტე და თავბრუსხვევა ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობის სიმპტომებია.

ვიტამინების სერიოზულმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, როგორიცაა ცუდი ფიზიკური და გონებრივი განვითარება ბავშვებში, იმუნური სისტემის დაქვეითება, მხედველობის პრობლემები.

მინდა მოგახსენოთ რამოდენიმე ძირითადი საერთო ნიშანი იმისა, რომელიც ვიტამინების ნაკლებობა ასახავს:

  • მტვრევადი თმა და ფრჩხილები;
  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ცვლილებები (წყლულები ან ნახეთქები ტუჩის კუთხეებში);
  • ღრძილებიდან სისხლდენა;
  • მხედველობის პრობლემები;
  • თმის ცვენა;
  • წითელი ან თეთრი ფერის გამონაყარი კანზე;
  • მოუსვენარი ფეხის სინდრომი

ზამთრის პერიოდი, მზის სხივების ნაკლებობა, მიკრო და მაკრონუტრიენტებით ღარიბი კვების რაციონი და მკაცრი კლიმატური პირობები ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს. ხშირად ვითარდება ვიტამინების დეფიციტი — ჰიპოვიტამინოზი. არსებობს დეფიციტის კიდევ უფრო მწვავე ფორმა — ავიტამინოზი, რომელიც ერთი ან რამდენიმე ვიტამინის პრაქტიკულად არარსებობას ნიშნავს. ის, შესაძლოა, სხვადასხვა დაავადების მაპროვოცირებელი გახდეს.

რა თქმა უნდა, დეფიციტი შესაძლოა განვითარდეს არა მხოლოდ წელიწადის კონკრეტულ დროს, არამედ ორსულობის, ლაქტაციის დროს ან  ჯანმრთელობის ისეთი  პრობლემებისას, როგორიცაა ალკოჰოლის მოხმარება და გარკვეული მედიკამენტების ქრონიკული გამოყენება.

ვიტამინოდეფიციტური მდგომარეობის განვითარების რისკის ჯგუფს წარმოადგენ ბავშვები და მოზარდები, განსაკუთრებით ინტენსიური ზრდის პროცესში,  მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის მქონე სპორტსმენი ბავშვები,  ფეხმძიმე და მეძუძური ქალები,   ხანშიშესულები.

ხშირია კითხვა, რა როლი აქვს ორგანიზმში C და D ვიტამინს, რა გართულებებს იწვევს მათი დეფიციტი?

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, ანუ იგი აფერხებს თავისუფალი რადიკალების გამოყოფას ორგანიზმში, რომლებიც უჯრედების დაზიანებას იწვევენ  და მრავალი დაავადების გამომწვევევები არიან. იგი ასევე აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს რკინის შეწოვის გაძლიერებას.

C ვიტამინის მნიშვნელოვანი საკვები წყაროა ციტრუსი, კივი, პომიდორი, კარტოფილი, კომბოსტო, ბროკოლი, მარწყვი, ბულგარული წიწაკა  და ისპანახი. ბავშვებში დედის რძე უზრუნველყოფს ასკორბინის მჟავის ადექვატურ წყაროს ახალშობილებისთვის და ჩვილებისთვის.

C ვიტამინის მკვეთრი და ხანგრძლივი დეფიციტი იწვევს ისეთ დაავადებას, როგორიცაა სურავანდი. სურავანდისთვის დამახასიათებელი, ტიპური ნიშნების გამოვლენა იწყება აღნიშნული ვიტამინის მუდმივი და უკიდურესი დეფიციტიდან რამდენიმე თვეში.

სურავანდის კლინიკურ ნიშნებს მიეკუთვნება: სისუსტე, უმიზეზო დაქანცულობა, მადის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, ქვედა კიდურების ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, მოგვიანებით ანემია, გინგივიტი (ღრძილების ანთება), ჰემორაგიების (სისხლჩაქცებვების) არსებობა კანზე, კარიესის განვითარება, სახსრების შეშუპება, ქოშინი, ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში, თვალების სიმშრალე, სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება, იმუნური სისტემის დასუსტება, ხასიათის ცვლილებები და დეპრესია.

ვიტამინი D ორგანიზმში სამ ძირითად როლს ასრულებს:

  • ხელს უწყობს საკვებიდან კალციუმის შეწოვას ნაწლავებში, უზრუნველყოფს ძვლის  განახლებას და მინერალიზაციას, შესაბამისად ზრდის ძვლის მინერალურ სიმკვრივეს და
  • ხელს უწყობს კუნთოვანი მასის შენარჩუნებას და ამით ამცირებს დაცემის რისკს.

D ვიტამინის მძიმე დეფიციტი რაქიტი (ბავშვებში) და ოსტეომალაცია (მოზრდილებში) დღესდღეობით იშვიათია, მისი სუბკლინიკური დეფიციტი ან უკმარისობა კი ძალიან ხშირია. 2005-დან 2006 წლამდე ჯანმრთელობისა და კვების ეროვნულ კვლევაში (NHANES) ზრდასრული მონაწილეების 46 პროცენტს D ვიტამინის დონე 20 ნგ/მლ (50 ნმოლ/ლ) ნაკლები ჰქონდა. D ვიტამინის ამ მაჩვენებელმა შეიძლება ხელი შეუწყოს ოსტეოპოროზის განვითარებას და მოტეხილობებისა და დაცემის რისკის ზრდას ხანდაზმულებში.

ძალიან ცოტა საკვებია ბუნებრივად მდიდარი D ვიტამინით. მისი საკვები წყაროა ცხიმიანი თევზი, როგორიცაა ორაგული, სარდინი და სკუმბრია, კვერცხი, ღვიძლი.

სამწუხაროდ, მზის სხივები ყოველთვის არ არის D ვიტამინის სანდო წყარო. ამასთანავე, ეს ასოცირებულია კანის დაბერების და კიბოს განვითარების რისკთან. სეზონი და გეოგრაფიული განედი, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება, ქალაქის სმოგი, კანის პიგმენტაცია და ადამიანის ასაკი გავლენას მოახდენს D ვიტამინის შეწოვაზე.

იმის გამო, რომ ბევრი ჩვენგანი დროის უმეტეს ნაწილს შენობაში ატარებს, D ვიტამინის დაბალი დონე მსოფლიო პრობლემად იქცა და არსებობს შეშფოთება, რომ ეს უარყოფითად აისახება ძვლების ჯანმრთელობაზე.

D ვიტამინის საკმარისად მისაღებად, უნდა ვეცადოთ 10-20 წუთ გავატაროთ  მზეზე მზის  სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ (სახე, ხელები და მკლავები)  ყოველდღიურად – მზისგან დამცავი კრემის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ  კანი მზის სხივების ზემოქმედების დროს  4-ჯერ ნაკლებ D ვიტამინს გამოიმუშავებს ხანდაზმულებში, ვიდრე ახალგაზრდებში.

ზაფხულში D ვიტამინის საკმარისმა მიღებამ შესაძლოა, ვერ უზრუნველყოს მისი სტატუსი ზამთრის თვეებში და ადრე გაზაფხულზე, ამიტომ წელიწადის ამ დროს რეკომენდებულია D ვიტამინის დამატებით მიღება.

აუცილებელი კონტროლი სჭირდება ასევე, B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც აუცილებელია ნერვული სისტემის სრულყოფილი მუშაობისათვის.

ვიტამინი B12 (კობალამინი) გვხვდება ცხოველური პროდუქტებში: ხორცში, თევზში, რძის პროდუქტებში და კვერცხში. ვიტამინი B12 დეფიციტის სიმპტომებია  წონაში კლება, დეპრესია, ჰალუცინაციები, ხასიათის ცვლილებები, გაღიზიანებადობა, მხედველობის ნერვის დაზიანება.

მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება ასოცირებული იყოს ვიტამინის B12 დეფიციტთან, არის მკაცრი ვეგანური დიეტა, გასტრექტომია, ბარიატრიული ქირურგია, ტერმინალური ნაწლავის რეზექცია, კრონის დაავადება, ცელიაკია, სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ან ვიტილიგო, მედიკამენტები და წამლები, რომლებიც აფერხებენ მის შეწოვას. პაციენტები, რომლებიც იღებენ მეტფორმინს, რეკომენდებულია ვიტამინის B12 დეფიციტის ყოველწლიური მონიტორინგი.

ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9)  გვხვდება საკვებში  მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში, ხილში, მარცვლეულში, თხილსა და ხორცში. მისი როლი შესწავლილია მრავალი დაავადების პრევენციისთვის. თუმცა, ფოლიუმის მჟავას დანამატების ერთადერთი კარგად დადასტურებული სარგებელი არის ნერვული მილის დეფექტების პრევენცია. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსული ქალებისთვის, რადგან მისი დეფიციტი ნაყოფის ნერვული სისტემის დაავადებების რისკს ზრდის

კვლვები ადასტურებენ, რომ ადამიანების უმრავლესობა დღის განმავლობაში ფოლიუმის საჭირო რაოდენობას არ იღებს, ამიტომ, ზოგიერთ ქვეყანაში პურის ფქვილს და მისგან დამზადებულ ბევრ პროდუქტს ხელოვნურად ამდიდრებენ ფოლიუმით.

ახლა რაც შეეხება E ვიტამინს:

ვიტამინი E სახელწოდება ტოკოფეროლი, ბერძნული სიტყვიდან “toc” (ბავშვი) და “phero” (გაჩენა), გამოიგონეს მისი როლის, როგორც აუცილებელი კვებითი დანამატის აღსაწერად ნაყოფისა და ბავშვის ნორმალურ განვითარებისათვის . 1969 წელს აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ოფიციალურად აღიარა ვიტამინი E, როგორც აუცილებელი საკვები ნივთიერება ადამიანისთვის.

ვიტამინი E გვხვდება მრავალფეროვან საკვებში, მათ შორის ნუშში, მცენარეული ზეთებში და მარცვლეულში. ფორმა, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია თავისი როლით ადამიანის ჯანმრთელობაში, არის ალფა-ტოკოფეროლი, რომელიც უხვად არის ზეითუნის და მზესუმზირის ზეთში.

რა როლი აქვს კვებას ვიტამინების შეთვისებისას?

სწორ და დაბალანსებულ, კვებას და რაც მთავარია  ნორმალურად მოფუნქციონირე კუჭ-ნაწლავის ტრაქტს დიდ მნიშვნელობა ენიჭება ვიტამინების ათვისებაში.

კიდევ რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ?

  • ვიტამინები იშლება გამოშრობის, გაყინვის, მექანიკური დამუშავების, ლითონის ჭურჭელში შენახვისა და პასტერიზაციის პირობებში, სინათლეზე  განსაკუთრებით  ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენის შედეგად;
  • რძის დუღილის დროს მნიშვნელოვნად მცირდება მასში არსებული ვიტამინების რაოდენობა;
  • საკვების თერმული დამუშავებისას იკარგება მასში არსებული ვიტამინების 25%-დან 90-100%-მდე;
  • ხილსა და ბოსტნეულში ვიტამინების შემცველობა მკვეთრად ცვალებადობს სხვადასხვა სეზონზე;
  • ვიტამინები სასურველი მივიღოთ დღის პირველ ნახავარში;
  • ზოგადად, აჯობებს ექიმმა გადაწყვიტოს საჭიროა თუ არა დამატებით რომელიმე ვიტამინის ან პოლივიტამინის მიღება.
დატოვეთ კომენტარი