ქარელის პროფესიონალ ფეხბურთელთა გუნდს “ქარელი” ერქმევა. გუნდი ქარელის მერიის ა(ა)იპ-ს, სასპორტო გაერთიანების დაწესებულებას დაექვემდებარება და მის ჩამოყალიბებაზე 160 000 ლარი დაიხარჯება.
რა ეტაპზეა გუნდის ჩამოყალიბება და როგორ წარმოუდგენიათ მისი განვითარება? – ამ საკითხებზე “მოზაიკა” ქარელის მერის თანაშემწეს, ალეკო ღამბარაშვილს ესაუბრა.
“ქარელისთვის” ფეხბურთელების შერჩევა გრძელდება. ამბობენ, რომ მსურველი ბევრია, თუმცა გუნდში ძირითადად მათ იღებენ, ვისაც შესაბამისი გამოცდილება და ფიზიკური მონაცემები აქვთ.
“სურვილი ძალიან ბევრმა გამოთქვა. ამ ეტაპზე არის კონტიგენტი ფეხბურთელების შერჩეული, რომელთაგანაც იგეგმება, რომ ნაწილი გუნდში დარჩეს. ეს შერჩევის პროცესი დღესაც გრძელდება და ყოველდღიუად ველოდებით ახალი ფეხბურთელების მიღებას”.
მერის თანაშემწის თქმით, გუნდის დაკომპლექტება თებერვლის ბოლოს დასრულდება. უკვე დასრულდა მწვრთნელების შერჩევაც. ამ ეტაპზე, ამ პოზიციაზე 3 ადამიანია შერჩეული.
“სამი მწვრთნლი გვყავს ამ ეტაპზე: ალეკო აკოფიანი, შმაგი ელიაშვილი და საბა არაბაშვილი. ისინი ყოფილი ფეხბურთელები, რომლებმაც კარგად იციან თავიანთი საქმე და რაც მთავარია, უყვართ ფეხბურთი.”
მიმდინარეობს “ქარელის” სამომავლო გეგმების დასახვაც. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ გუნდი რეგიონ ლიგის გათამაშებაში ჩაერთობა, რომელიც აპრილიდან იწყება.
გუნდის განვითარებაზე ზრუნვა სასპორტო გაერთიანების დაწესებულების პასუხისმგებლობაა. გუნდის შექმნის პარალელურად, ფეხბურთის განვითარებისთვის, ქარელში სტადიონის რეაბილიტაციაც იგეგმება, თუმცა იქამდე რეგიონალური ლიგის მატჩებს “ქარელელები” აგარის სტადიონზე გამართავენ, რომლის რეაბილიტაციაც უკვე დაწყებულია.