სტატიები

დაზინებული კარი, ამოშენებული შახტა და ფიცარი იატაკის ნაცვლად – საშიში ლიფტები გორში

ამოშენებული ლიფტები, იატაკის მაგივრად ფიცარი და დაზიანებული კარი, – ასე გამოიყურება გორში, ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხორებელ კორპუსში არსებული ლიფტი. 

“სიკვდილი მოძრაობს ცხრა სართულიანებში ლიფტის სახით!”, – ასე აფასებს პედაგოგი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრი, ირმა ამბარდნიშვილი გორში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ლიფტების მდგომარეობას. 

ამბარდნიშვილმა კომბინატის დასახლებაში არსებული ერთ-ერთი საცხორებელი კორპუსის ლიფტის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ლიფტი დაზიანებულია და მისით სარგებლობა საფრთხეს წარმოადგენს. 

“წარმოგიდგენთ ჩემი მოსწავლეების გადაღებულ ფოტოებს. შეძრწუნდებით, როგორი ავარიული ლიფტებით მოძრაობენ ბავშვები კომბინატში, შინდისის ქუჩაზე, ცხრა სართულიან კორპუსებში! ლიფტებს იატაკი და გვერდები არა აქვთ! ერთ ლიფტში, მხოლოდ ორი ფიცარია გადებული და ისე მოძრაობს! ლიფტის შახტის კარები პირველ, მეორე და მესამე სართულებზე ამოშენებულია, აქაოდა მე არ მჭირდება ლიფტი, ფეხითაც კარგად დავდივარო!”, – წერს ამბარდნიშვილი.

ირმა ამბარდნიშვილი გორის მერიას მოუწოდებს, დაიწყოს რეაბილიტაცია, მანამდე კი მოსახლეობას ლიფტით სარგებლობა შეუზღუდოს. 

“მოვუწოდებ მერიის შესაბამის სამსახურებს, შეაჩერონ ამ კორპუსებში ლიფტების მოძრაობა მათ სრულ რეაბილიტაციამდე, თუმცა ისეთი ავარიულებია აჯობებს ახლები დამონტაჟდეს! სირცხვილია სტალინის ქუჩაზე ამდენი ფულის დახარჯვა, როცა შეიძლებოდა ეს თანხა მთლიანად გორზე გადანაწილებულიყო! ვის უნდა პლასტიკატებით ახონხლილი ქალაქი? თუნდაც ერთი გორელის სიცოცხლე ღირს ამად?”, – წერს ირმა ამბარდნიშვილი. 

გაუმართავი ლიფტების პრობლემაზე სხვა მოქალაქეებიც საუბრობენ. გორელები ამბობენ, რომ თითქმის ყველა საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ავარიულია და ნებისმიერ დროს შეიძლება, ამის გამო ვინმე დაშავდეს ან დაიღუპოს. 

“თითქმის ყველა ცხრა სართულიანის ლიფტი ასეა, მათ შორის ჩვენიც, ხან იჭედება ხან ტყუილად იღება კარი და ლიფტი არ არის ჩამოსული. მისახედია”, – ამბობს თათია გიგოლაშვილი. 

აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმაციას ფლობენ გორი მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა საბჭოში. საბჭოს თავმჯდომარის, დაკო მურადაშვილის განცხადებით, ნებისმიერ გადასაჭრელ საკითხი, რომელსაც მოსახლეობა დღის წესრიგში დააყენებს, აუცილებლად განიხილება საბჭოზეც.

“მსგავს საკითხებს ჩვენ ვაგროვებთ, ხოლმე და საბჭოს სხდომა როცა გვაქვს, ყოველთვის ვაფიქსირებთ. ჩვენი კონპეტენციის ფარგლებში, რაც შეგვიძლია ვაკეთებთ. აღნიშნულ საკითხზეც რა თქმა უნდა, მივაწვდით მერიას ჩვენს ინიციატივას და ის  გადაწყვეტს, როგორ მოიქცევა. მერიას როგორც წესი, პრიორიტეტებად აქვს ხოლმე დაყოფილი, რომელიც უფრო საჩქარო და აუცილებელია ჯერ იმ პროექტს აკეთებს. ლიფტების შემთხვევაში, რაც მეტი ამხანაგობა გაერთიანდება და შევა ინიციატივა მერიაში, მგონია რომ მუნიციპალიტეტს რეაგირება ექნება”, – განმარტა დაკო მურადაშვილმა. 

გორის მერიაში ამბობენ, რომ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს თანდაფინანსების ფარგლებში ახორციელებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ თუ ვინმეს უნდა დაზინებული ლიფტი გამოცვალოს, ამხანაგობამ უნდა შეადგინოს პროექტი და მერიას მიმართოს. 

“ლიფტები, კორპუსები და ზოგადად მათი მიმდებარე ტერიტორია, არის კერძო ტერიტორია. ამხანაგობა იმიტომ არის შექმნილი, რომ ის არის ამ ტერიტორიის მესაკუთრე, ყველა საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურისა, რომელიც ამ ტერიტორიაზეა. ჩვენ ამხანაგობების ხელშეწყობისთვის გვაქვს პროგრამა, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსებას ითვალისწინებს. ამ პროგრამის ფარგლებში სამუშაოების 90%-ს აფინანსებს მერია და გარდა ამისა სოციალურად დაუცველი წევრების წილსაც იხდის”, – განმარტავენ მერიაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.