ავტორი: ლიზი ბალახაშვილი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი
ვფიქრობ, მოზარდისთვის საკმაოდ რთულია 17-18 წლის ასაკში აირჩიოს პროფესია სწორად, თუმცა ვფიქრობ, არსებობს რამდენიმე კითხვა, რომლებზე პასუხის გაცემას გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება: რა მინდა? რა შემიძლია? რამდენად საჭიროა?
რა თქმა უნდა, ჩვენი ცოდნის ძირითადი საფუძველი სკოლიდან იწყება, თუმცა ბოლო წელს მაინც გვიწევს რეპეტიტორთან სიარული, რადგან სკოლაში არ ვსწავლობთ საფუძვლიანად იმ საგანს, რაც გვსურს. შესაბამისად, ჩემი აზრით, სკოლამ უნდა დაიწყოს მუშაობა იმაზე, რომ საგნები არჩევითი იყოს.
არ უნდა დაგვავიწყდეს მშობლების როლიც, რომელსაც ხშირად სკოლაზე მეტი გავლენა აქვს ჩვენს გადაწყვეტილებებზე. ხშირად სწორედ მათთან შეთანხმებით ირჩევენ ახალგაზრდები პროფესიას. ჩემს შემთხვევაში რომ არა მშობლები, ყველაფერი გამირთულდებოდა, რადგან ყველაფერში გვერდით მედგნენ. ჩემი არჩევანი მათთვის მისაღები და გასახარი იყო.
თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მშობლებს შვილის ინტერესები ავიწყდებათ და ცდილობენ ის პროფესია აარჩევინონ, რომლის დაუფლებაც თავად სურდათ. ამას ყოველთვის კარგი შედეგი არ მოჰყვება.
უნდა გვახსოვდეს, რომ პროფესიის არჩევა საკმაოდ რთული და მრავალმხრივი პროცესია, რომელზეც უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას. ჩვენ მისი არჩევა გვიწევს გარდამავალ პერიოდში, როდესაც ძალიან დიდი დაფიქრება და პასუხისმგებლობა გვმართებს, რადგან დიდწილად სწორედ ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი ცხოვრება.