ბლოგები

რატომ ტოვებენ ახალგაზრდები რეგიონებს?

ავტორი: ანა ბარბაქაძე, სტუდენტი

რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე ვტოვებთ საცხოვრებელ ადგილს. თავდაპირველად, რეგიონის დატოვება გვიწევს უნივერსიტეტებისა თუ პროფესიული სასწავლებლების არარსებობის გამო. საქართველოში გავრცელებული მავნე პრაქტიკა, რომელიც სკოლის დამთავრებისთანავე, პროფესიის არჩევას გულისხმობს, ბავშვობიდანვე გვაქცევს ჩარჩოებში და გვამზადებს თბილისში წასასვლელად.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ და ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, უკვე უნივერსიტეტის პარალელურად, გვჭირდება სამსახური, შესაბამისად, ისევ თბილისში ვიწყებთ ამ უკანასკნელის ძებნას.

სტუდენტთა უმრავლესობისთვის ისეთი სამსახურებია ხელმისაწვდომი, სადაც მოვალეობები, დამსაქმებლის მოთხოვნები და ხელფასი ერთმანეთის უკუპროპორციულია, თუმცა იმდენად დიდია საარსებო მინიმუმის საჭიროება, ხშირად სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს და ამას თანხმდები.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, როდესაც უკვე მინიმუმ დიპლომით, ოფიციალურად ხარ რომელიმე პროფესიის წარმომადგენელი, საკუთარ რეგიონში რომ დაბრუნდე, დიდი ძალისხმევა გჭირდება შესაბამის სფეროში დასასაქმებლად. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, არ არის მოთხოვნა შენზე, არ არის რელევანტური ვაკანსია და არსებობის შემთხვევაშიც, განსაკუთრებით, საჯარო სექტორში, ბიუროკრატიული პროცესების მომიზეზებით, შეიძლება თვეობით ელოდო შესაბამისი ორგანოდან გადაწყვეტილებას.

ეს მოქმედებს არა მხოლოდ მატერიალურად ჩვენს ცხოვრებაზე, არამედ მენტალურადაც. მოტივაცია და უკეთესის კეთების, რაღაცის გამოსწორებისა და შეცვლის სურვილი ნელ-ნელა ქვეითდება და ერთადერთ გამოსავლად ისევ გაქცევა გვევლინება.

ძალიან მინდა, ვწუწუნებდე იმაზე, რომ არ გვაქვს ის დაწესებულებები, რაც ახალგაზრდული სრულფასოვანი ცხოვრებისთვის არის საჭირო, რაც ცდება საარსებო მინიმუმს და სულის საამებლად გვჭირდება. თეატრი, კინო, შეკრების ადგილები, კონცერტები და ა.შ. მაგრამ იმდენად დიდია იმ პრობლემების კვალი, რაზეც უკვე ვისაუბრე, რომ უბრალოდ უხერხულობის განცდა მაქვს ვიწუწუნო იმაზე, რომ ჩემს საყვარელ თეატრში სიარული არ შემიძლია.

მე არ მჯერა უბრალოდ სიტყვების, რომ თუ მოვინდომებთ ახალგაზრდები, ყველაფერი შეიცვლება. არაფერი შეიცვლება, თუკი უფროსი და მომავალი თაობები ერთად არ მოინდომებენ ამ ცვლილებას, სანამ ახალგაზრდები არ ვენდობით უფროსების გამოცდილებას და სანამ უფროსები არ ენდობიან ჩვენს იდეებსა და სურვილებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.