ქარელის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ “მოზაიკას” სკოლის დირექტორი ესაუბრა. მარიკა საზანდრიშვილის თქმით, დაგეგმილი რეაბილიტაციის გამო, სასწავლო პროცესი მე-2 საჯარო სკოლაში გადადის.
“ტენდერი უკვე გამოცხადებულია. დოკუმენტაციის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან სკოლის რეაბილიტაცია 15 თვეს მოიცავს. გამარჯვებული კომპანია შეიძლება ერთ თვეშიც გამოვლინდეს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, 16 იანვარს სასწავლო პროცესი ქარელის მე-2 სკოლაში განგვეახლებინა. ჩვენი სკოლის 585 მოსწავლე სწავლას მე-2 საჯარო სკოლაში გააგრძელებს, მეორე ცვლაში”, – გვითხრა მარიკა საზანდრიშვილმა.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული სკოლის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი აკეთებს.