ადამიანები ისტორიები

“მზის სახელით” – დედის სახელობის ფონდი ლეიკემიით დაავადებულთა დასახმარებლად

“მზის სახელით“ – ასე ეწოდება საქველმოქმედო ფონდს, რომელიც 27 წლის ხაშურელმა ნატა კიკაძემ, დედის გარდაცვალების შემდეგ, ლეიკემიით დაავადებული ადამიანების, ასევე მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად შექმნა. ნატა დარწმუნებულია, რომ როდესაც ადამიანი მძიმე დაავადებას ებრძვის, მის დასახმარებლად ჩარიცხულ ერთ ლარსად უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

“ფონდის დაარსებამდე იყო ფეისბუქ ჯგუფი „გადამირჩინე დედა“, რომელიც 2021 წლის 26 აგვისტოს შევქმენი, როცა დედას დიაგნოზი გავიგე, ეს იყოს მწვავე ლეიკემია. ახლა კი საქველმოქმედო საქმიანობას განვაგრძობთ ახალი სახელწოდებით – „მზის სახელით“.

ნატა იხსენებს, რომ საქველმოქმედო ფონდის დაარსებას წინ ის მძიმე დღეები უძღვოდა, რომლებიც სწორედ მოქალაქეთა მხარდაჭერით და თანადგომით გადაიტანა. 

“ჩემი მზე დედიკო 2021 წლის 23 აგვისტოს შევიყვანეთ კლინიკაში. აიღეს ბიოფსია და 26 აგვისტოს, მახსოვს, შესვენებაზე ვიყავი, დავრეკე კლინიკაში და მითხრეს, მზევინარს მწვავე ლეიკემია აქვსო. საქართველოში ექიმმა პირდაპირ მითხრა, ეს ისეთი დაავადებაა, დღეს ან ხვალ დაიღუპებაო. ამ სიტყვების გაგონებიდან 2 დღეში დედა აღმოჩნდა თურქეთში, ისე რომ დიაგნოზიც არ იცოდა, რა იყო. ჯგუფი წასვლამდე 2 დღით ადრე გავხსენი. ტელეფონი არ გაჩერდა, პოსტის დადებიდან ორ დღეში შეგროვდა გამგზავრების, საჭირო ანალიზებისა და მკურნალობის ერთი თვის თანხა, რაც დაახლოებით 40 000 აშშ დოლარს შეადგენდა, ეს იყო ნიშანი, რომ მე არ უნდა დავნებებულიყავი და გამეგრძელებინა გზა, რომელსაც დავადექი.”

ნატა იხსენებს, როგორ იქცნენ ადამიანები მათ გულშემატკივრებად და როგორ გრძნობდა მათ ზრუნვას და ყურადღებას ყოველდღიურად. 

“უნდა გენახათ, როგორ იბრძოდნენ დედაჩემის სიცოცხლის გადასარჩენად საერთოდ უცხო ადამიანები, ისინიც, ვისთანაც მხოლოდ გამარჯობის თქმით შემოვიფარგლებოდი. ამზადებდნენ პოსტებს, ყიდდნენ საყვარელ ნივთებს, მხატვრები, მწერლები, პოეტები საკუთარ ნამუშევრებს იმეტებდნენ, დედიკოს მოსწავლეები სკოლის ნივთებს არ ყიდულობდნენ და თითოეული თეთრი ირიცხებოდა ჩემს ანგარიშზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დედის გადარჩენა მხოლოდ ჯგუფმა შეძლო, რომ არა ეს ხალხი, იმ 1 წელსაც ვერ ვაცოცხლებდი დედას. მათ გარეშე მე ვერაფერს გავხდებოდი.”

ნატა ამბობს, რომ ხშირად ჩარიცხულ თანხაზე მნიშვნელოვანი იმის დანახვა იყო, რომ სიმსივესთან ბრძოლაში ის და დედა მარტო არ იყვნენ. 

“ხალხი რიცხავდა იმას, რაც შეეძლოთ და რაც ჰქონდათ, იყო 0,86 თეთრი, არასოდეს დამავიწყდება დანიშნულება – „მაპატიე მეტი არ მაქვს“. ყოველთვის მეგონა, როცა დახმარებას ითხოვდნენ და მე მცირე თანხით ვეხმარებოდი, ეს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ, აი, ახლა მე თამამად ვიტყვი, რომ თითოეული ადამიანის 1 ლარს სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.”

ნატა საქველმოქმედო ფონდის მთავარი მიზანი ლეიკემიით დაავადებული ადამიანების თანადგომაა. 

“ლეიკემია ნამდვილად დამარცხებადია, ყველა დიაგნოზს დავამარცხებთ, თუ ვიქნებით პოზიტიურები, სიმსივნის პირველი მტერი სწორედ ესაა”.

ფონდში თანხების მობილიზება მარტივი არ არის. ჯგუფში, რომელსაც ნატა მართავს, ახლა 15 000 ადამიანია და მათი უმრავლესობა მას უკვე პირადად იცნობს. 

“თანხების შეგროვებისას მთავარი ნდობაა. ყველაფერი უნდა იყოს გამჭირვალე და ჯგუფის თითოეული წევრისთვის მარტივად დასანახი. ამ ყველაფერში, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დიდი გამოცდილება მაქვს. საბოლოოდ ერთს დავამატებ, ჩვენი გვერდში დგომითა და მზის სახელით, ყველა ადამიანის გადარჩენას შევძლებთ.”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.