ადამიანები ისტორიები

სკოლაში ნასწავლი ხელსაქმე, რომელიც მცირე ბიზნესად იქცა – ნინო მახათაძის ნამუშევრები

სვიტრები, ჩანთები, საცურაო კოსტიუმები, ფეხსაცმელი, მაისურები, – ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ნინო მახათაძე ქსოვს. ამბობს, რომ ჩხირებით და ძაფით ყველაფრის მოქსოვა შესაძლებელია.

“ნაქსოვი სამოსი ბოლო წლებში უფრო აქტუალური ხდება, თითქოს ყველაფრის მოქსოვაა შესაძლებელი, ბრეტელკა მაისურების, საცურაო კოსტიუმების და საზაფხულო ქოშებისაც კი. ზაფხულობით ამ ნივთებზე მაქვს ხოლმე ძირითადად შეკვეთები. ვცდილობ, რომ ყველა სიახლეს ავუწყო ფეხი. თუ არ ვიცი კონკრეტული ტექნიკა, ვუყურებ, ფოტოს ვაახლოვებ და ვხვდები, როგორ უნდა მოვქსოვო. ჩემს დის შვილს ვინიპუჰი მოვუქსოვე ისე, რომ ნანახიც არ მქონდა”, – ამბობს ნინო.

ნინო პროფესიით პედაგოგია და ქვიშხეთის სკოლაში მანდატურად მუშაობს. ქსოვა პატარა ასაკიდან ისწავლა. გვიყვება, რომ ბავშვობაში დებისთვის ქმნიდა სამოსს, შემდეგ შვილებისთვს, ახლა კი შეკვეთებს იღებს და ნამუშევრებს საქართველოს მასშტაბით აგზავნის.

“ბავშვობიდან ვქსოვდი და ვქარგავდი, სკოლაში ისწავლებოდა და ამან შემიწყო ხელი. თან გენეტიკურად მაქვს, მამიდაც ქსოვდა და მეც გამომყვა ამ ხელსაქმის სიყვარული. პირველად ჩემი დისთვის მოვქსოვე სვიტრი, არ მახსოვს, რომელ კლასში ვიყავი. უმაღლესში სწავლის პერიოდში სულ ჩემი მოქსოვილი გვეცვა. წლების შემდეგ ჩემი ხელსაქმე პანდემიის პერიოდში გავიხსენე. ინტერნეტში ვნახე, რომ ერთ-ერთ გოგონას უნდოდა სვიტრის მოქსოვა, მივწერე და ვუთხარი, რომ შემეძლო მისთვის მომექსოვა. ამის შემდეგ ვიფიქრე, რომ უნდა დამეწყო ნაქსოვი სამოსის შექმნა”, – იხსენებს ნინო.

ნინო სამომავლოდ ფიქრობს, რომ დაფინანსება მოიპოვოს და შექმნას სივცრე, სადაც ნაქსოვ სამოსს შექმნის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.