ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
როგორც მერის მოადგილე ნათია მაწონაძე ამბობს, დოკუმენტში გაწერილია ის აქტივობები, რომლებიც მუნიციპალიტეტში ნარჩენების ეფექტიანი მართვისთვის უნდა განხორციელდეს.
“კონკრეტულად გეგმა ითვალისწინებს ისეთი პროექტების შემუშავებას და განხორციელებას, რომელოც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებლების მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესებას”, – გვითხრა მაწონაძემ.
მისივე თქმით, უკანონო ნაგავსაყრელების პრევენციის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლება ჯარიმების სისტემის შემუშავებას აპირებს.
“მუნიციპალოტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკანონო ნაგავსაყრელების პრევენცია. ამ მხრივ, ვგეგმავთ გარემოს დანაგვიანების ფაქტების შემთხვევაში, დაჯარიმების ეფექტიანი სისტემის შემუშავებას”.
როგორც მერის მოადგილე ამბობს, მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ნარჩენების სეპარირების სისტემის დანერგვაც.
“ასევე ვგეგმავთ ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებას. ეს სისტემა ეტაპობრივად განხორციელდება, რადგან საკმაოდ შრომატევადია და ფინანასურადაც დიდ ხარჯებს მოითხოვს.მუნიციპალიტეტი ყიდულობს 2 ნაგავმზიდს. ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს”.