“ჩემს ოჯახში ფეხბურთელობა მემკვიდრეობით მიღებული ჯოლდოა, რომელსაც იმედი მაქვს გაგრძელება უწერია”, – ასე იწყებს საუბარს ხაშურში მცხოვრები 17 წლის სპორტსმენი ელენე ენჯიბაძე, რომელიც პროფესიულ ფეხბურთს 1 წლიდან ეუფლება.
ელენე ამბობს, რომ მისი ბაბუები და მამაც ფეხბურთელები არიან. ჰყავს ძმა, რომელიც ასევე ამ სპორტითაა დაინტერესებული.
“ფეხბურთის მიმართ სიყვარულს დიდი ისტორია აქვს. ჩემი ოჯახის წევრები თავის დროზე ამ სპორტში იყვნენ, ორივე ბაბუა, მამა. მამაჩემის მამას საკუთარი გუნდიც ჰქონია შექმნილი და თამაშობდა, ამიტომ არავის გაჰკვირვებია ჩემი ინეტრესი მოედნის და ბურთის მიმართ. ვიდრე პროფესიულ ფეხბურთს დავიწყებდი, მეზობლის ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი ხოლმე სტადიონზე. 11 წლის ვიყავი, მამამ ხაშურის “ივერიაში” რომ მიმიყვანა და მას მერე 6 წელია ფეხბურთს ვთამაშობ”, – ამბობს ელენე.
ელენემ სპორტული კარიერა ხაშურის “ივერიაში” დაიწყო. თამაშობდა გორი “იუნაიტედში”. ელენე, ახლა “სამეგრელოს” გუნდის წევრია, რომელიც უმაღლეს ლიგაშია. გუნდი 2022 წელს საქართველოს ჩემპიონიც გახდა.
“ხაშურის “ივერიაში” თამაში, სადაც 4 წელი გავატარე, საუკეთესო პერიოდი იყო. ამ კლუბში ბევრი რამ ვისწავლე და ყოველთვის ვგულშემატკივრობ მათ. ასე ჩემს ოჯახად ვთვლი გორი “იუნაიტედს”. ახლა სამეგრელოში ვარ. პატარა რომ ვიყავი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი მაღალი დონის გუნდში ვითამაშებდი. ამ გუნდის ღირსებას რომ იცავ, უდიდესი პასუხისმგებლობაა. აქ ჩემი ოცნება ავიხდინე, მინდოდა საქართველოს ჩემპიონი გავმხდარიყავი და 17 წლის ასაკში ეს შევძელი”, – გვიყვება ის.
ელენეს მიზნად აქვს “ბარსელონას” ქალთა გუნდში მოხვედრა. ამბობს რომ ამისთვის შრომას არ დაიშურებს.
“ჯერ უფლება არ მაქვს სხვა ქვეყანაში წავიდე. სრულწლოვანი რომ გავხდები, თუ მექნება შემოთავაზება, აუცილებლად დავთანხმდები. საქართველოში გუნდის შეცვლას არ ვაპირებ, დავრჩები სამეგრელოში. ჩემი მთავარი მიზანია, ვითამაშო “ბარსელონას” ქალთა გუნდში”.