ახალი ამბები

გორის კალათბურთის გუნდი “ივერიონი” “ა” ლიგაში ითამაშებს

მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ შიდა ქართლელებმა საწადელი აიხდინეს და სუპერლიგის შემდეგ რანგით მეორე, “ა” ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს, – ამ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

“გორს საკმაოდ დიდი საკალათბურთო ტრადიციები აქვს და სუპერლიგაშიც არაერთი სეზონი ჰყავდათ გუნდი, თუმცა ეს დიდი ხნის წინ იყო და ახლა, ადგილობრივი ხელისუფლების – გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გუბერნიისა და კერძო სექტორის გაერთიანებული ძალისხმევით, გორში კონკურენტუნარიანი გუნდი ჩამოყალიბდა. გუნდს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელმაც მუნიციპალურ ფინანსურ დახმარებასთან ერთად კერძო დაფინანსების წყაროც მოიზიდა და შედეგმაც არ დააყოვნა”, – ნათქვამია ფერედაციის განცხადებაში. 

ივერიონმა აღმავლობით ჩაატარა საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპი, რომელშიც კიდევ ერთ რეგიონის – თელავის გუნდს აჯობა, ხოლო “ა” ლიგაში გადასასვლელი 2 რაუნდიანი სერია ზესტაფონის “მარგვეთს” მოუგო.

“სერიის მეორე მატჩი ფრედ დასრულდა, თუმცა ანგარიში ბოლოს წინა წამზე გათანაბრდა, მანამდე კი გორელები ლიდერობდნენ. ზესტაფონის “მარგვეთს” 17 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, სერია რომ მოეგო, რაც თავიდანვე გამოჩნდა, რომ არა რეალური იყო. გორელებმა პირველი პერიოდი 32:20 მოიგეს და მარგვეთის ისედაც უშანსო მდგომარეობა მთლად უიმედო გახდა. საბოლოოდ, როგორც აღვნიშნეთ, შეხვედრა 90:90 დასრულდა და “ა” ლიგას ახალი წევრიც ოფიციალურად შეემატა”, – ვკითხულობთ განცხადებაში. 

“ა” ლიგა 5 იანვარს დაიწყება და მასში შემდეგი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას: დინამო, ასტრალი, ორბი, გთუნი და გორის ივერიონი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები