ავტორი: მიმოზა ღოლიჯაშვილი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
სასკოლო საზოგადოებას ქმნიან სკოლაში მომუშავე ადამიანები: მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები. მაგრამ საინტერესოა, როგორ გამოიხატება მშობლის ჩართულობა დღეს სასკოლო ცხოვრებაში? ძირითადად ე.წ. მშობელთა კრებებზე მოსულები (აქაც ძირითადად მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა მშობლები), სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიების დროს მოფუსფუსეები (ისინიც მხოლოდ დაწყებით კლასებში), სკოლაში შვილის ყოფაქცევის გამო დაბარებულები, სემესტრის ან სასწავლო წლის მიწურულს შვილების აკადემიური მოსწრებითა და შედეგებით დაინტერესებულები – თითქმის სულ ესაა, არადა, მშობელს გაცილებით მეტის კეთება შეუძლია სკოლისთვის და ამაში სკოლა თავად უნდა დაეხმაროს მას.
ოჯახი ბავშვის ცხოვრებაში უმთავრეს როლს ასრულებს. ადამიანის განვითარებაზე, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებაზე, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებასა და მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უდიდეს ზემოქმედებას მისი ოჯახი ახდენს. სამწუხაროდ, ხშირად მშობლები მოუცლელობის, უყურადღებობის, მატერიალური, ან პირადი პრობლემების მოუგვარებლობის გამო, არ აქცევენ სათანადო ყურადღებას შვილის სწავლას, ჯანმრთელობას.
სამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ ისინი არ ინტერესდებიან რა პრობლემები აქვთ მათ შვილებს სკოლაში, სწავლაში, რითი არიან დაკავებულები თავისუფალ დროს.
პანდემიის შემდეგ, სამწუხაროდ, ბევრი სკოლის კარი დღემდე დაკეტილი დარჩა მათთვის.
ძალიან სამწუხაროა, სკოლის ჭიშკარზე გამოკრულ განცხადებას რომ გადააწყდები – „მშობლების შემოსვლა აკრძალულია!“ სიტყვა „აკრძალულია“ საერთოდ ამოვარდნილია კონტექსტიდან, შეუფერებელია იმ გარემოსთვის, სადაც ბავშვი სწავლობს. პირიქით, მშობელი ძალიან მნიშვნელოვან აქტორად უნდა ვაქციოთ შვილის განათლებაში, იგი მხოლოდ საერთო კრებებზე არ უნდა დადიოდეს სკოლაში, შვილის განათლების პროცესების თანამონაწილე უნდა იყოს, მასთან მუდმივი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს დირექციას, დამრიგებელსა და საგნის მასწავლებლებს.
განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო მამების როლი სასკოლო ცხოვრებაში.
რატომღაც საქართველოში მამების წვლილი შვილების აღზრდა-განვითარებაში, მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით შემოიფარგლება. არადა, მამები ხშირად მოდელები არიან შვილებისთვის, ავტორიტეტები, განსაკუთრებით ვაჟებისთვის და მათი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანია. აუცილებელია მშობლებსა და სკოლას შორის ურთიერთობის სივრცისა და ახალი შესაძლებლობების შექმნა.
მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ მშობელთა ჩართულობის გაზრდის კუთხით:
ჯერ კიდევ 2018 წელს შევქმენი სკოლაში „მხარდამჭერ მშობელთა კლუბი“, რომელშიც სურვილისამებრ გაწევრიანდა სამივე საფეხურის ყველა კლასის ერთი, ან რამდენიმე მშობელი. კლუბის წევრ მშობლებთან – „ელჩებთან„ ერთად, დავსახეთ გეგმა და აქტივობები, რომელთა განხორციელება დაგვეხმარებოდა გაგვეზარდა მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში და მოგვეპოვებინა მათი ნდობა. ასევე, მათი აღიარებისა და წახალისებისთვის დავაწესეთ პრიზი „ყველაზე აქტიური მშობლები“. იმისათვის, რომ მშობელთა ჩართულობა ყოფილიყო უფრო ნაყოფიერი ამოცანად დავისახეთ დავხმარებოდით მათ გაეაზრებინათ საკუთარი როლი მათი შვილების სწავლისა და სასკოლო ცხოვრებაში. ამ მიზნით არაერთი ტრენინგი ჩავატარეთ მათთვის.
მშობელთა კლუბის მხარდაჭერით, ტრადიციად ვაქციეთ „მოხალისე მშობლების დღე“ და სწორედ მათი ჩართულობით ვახორციელებთ სხვადასხვა სოციალურ პროექტებს. ახლახან დავამთავრეთ სკოლაში მცირე საგრანტო პროექტი: “ჩვენ, მშობლები და ერთი მიზანი“, რომელიც დაფინანსებული იყო გორის მერიის მიერ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბილიკის“ მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის მიზანი, სწორედ ოჯახის როლის გაზრდა და სკოლასთან მჭიდრო თანამშრომლობა იყო.
რას მიიღებს სკოლა ოჯახთან თანამშრომლობით?
სკოლაში გაუმჯობესდება დასწრების მაჩვენებელი და მოსწავლეთა ქცევა გახდება უფრო პოზიტიური. შეიცვლება მშობლების დამოკიდებულება შვილების სწავლისა და მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღების მიმართ. კერძოდ, ისინი გადაწყვეტილებების მიღებისას უფრო თავდაჯერებულები გახდებიან, მეტად გაითვალისწინებენ ბავშვის ასაკობრივ და ფსიქო-ემოციურ თავისებურებებს და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას შვილების ფორმალური და არაფორმალური განათლების პროცესში. გაიზრდება კომუნიკაციის ხარისხი მშობლებსა და მასწავლებლებს შორის, რაც ეხმარება მათ, მიიღონ და გასცენ ამომწურავი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ და იმოქმედონ მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე. მშობელთა ჩართულობა გაზრდის წარმატებული პროექტების რიცხვს, რაც დადებითად აისახება სკოლის იმიჯზე საზოგადოებასა და თემში.
დღეს, სკოლა, ოჯახი, და თემი, ერთად უნდა იყოს ჩართული სასკოლო ცხოვრებაში და ერთიანი ძალებით ქმნიდეს მოსწავლეებისათვის უკეთეს საგანმანათლებლო გარემოს.
ჩვენ უნდა შევეცადოთ, მშობელი ვაქციოთ სასკოლო საზოგადოების სრულფასოვან და განუყოფელ ნაწილად.