წარმოშობით არგენტინელი 30 წლის ფრანჩესკა როსი ერთი წელია გორში, ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში ცხოვრობს. ამბობს, რომ აქაურობა შეუყვარდა და ამ დროის განმავლობაში, ბევრი რამ გაიგო საქართველოზე. ფრანჩესკამ “მოზაიკასთან” ისაუბრა იმ შთაბეჭდილებებზე, რომლებიც აქ ცხოვრების პერიოდში დაუგროვდა.
ამბობს, რომ თავდაპირველად 2017 წელს ტურისტად ჩამოვიდა, თუმცა საქართველომ ისე დააინტერესა, რომ ერთი წლის წინ გადაწყვიტა საცხოვრებლად დარჩენილიყო.
“ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა, სტუმართმოყვარე ხალხი. გორში, ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში გავჩერდი და ძალიან საყვარელი ქალბატონი გავიცანი, სასტუმროს მეპატრონე ლია, რომელმაც ისე გულთბილად მიმიღო, რომ ბებიასავით შემიყვარდა. საცხოვრებლად ჩამოსვლა ერთი წლის წინ გადავწყვიტე, თუმცა პერიოდულად ვბრუნდები ხოლმე იტალიაში. ბოლოს ბაქოშიც ვიყავი. ამჟამად აქ ვცხოვრობ და ვცდილობ აქაურ სიტუაციას გავეცნო. მეტი შევიტყო გორზე და მის შემოგარენზე”, – ამბობს ფრანჩესკა.
ფრანჩესკა ხშირად სეირნობს გორის ქუჩებში. მან თითქმის ყველა საინტერესო ადგილი მოინახულა. დიდ დროს უთმობს გორის უახლოესი ისტორიის შესწავლას, რათა შემდეგ სტატიები მოამზადოს.
“როცა დრო მაქვს, მიყვარს სტატიების წერა, ჩემს ქალაქში საკმაოდ ცნობილი ვარ და მათთვის ვწერ ხოლმე. მინდა, რომ პოპულარიზაცია გავუწიო, გავაცნო ნაკლებად ცნობილი ადგილები. ვიყავი ერგნეთის ომის მუზეუმში, ასევე ოკუპაციის მუზეუმში უნივერსიტეტის შენობაში, ძალიან დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის. ასევე ძალიან მომეწონა უფლისციხე, ატენის ხეობა და უამრავი საინტერესო ადგილი მოვინახულე. ზოგიერთ ქალაქში ჰგონიათ, რომ აქ საშიშია, ჰგონიათ, რომ ისევ ომია, ზუსტად ამიტომ მინდა, რომ მივაწოდო რეალური ინფორმაცია იქაურებს”, – გვითხრა ფრანჩესკამ.
ფრანჩესკა წარმოშობით არგენტინელია, თუმცა მისი ოჯახი 2002 წლიდან იტალიაში ცხოვრობს.
“მამა არგენტინელია, დედა იტალიელი. 2002 წელს ეკონომიკური კრიზისი დაიწყო არგენტინაში, რის გამოც გადავწყვიტეთ იტალიაში წავსულიყავით. იტალიაში დაბრუნებას ვაპირებ აპრილში და ვგეგმავ, რომ თეატრებში გავაკეთო პრეზენტაციები, სადაც მოწვეულნი იქნებიან ჟურნალისტებიც, მინდა გავაცნო ინფორმაცია საქართველოზე ზუსტად ისე, როგორც სინამდვილეშია. მოვუყვე აქაური ხალხისა და კულტურის შესახებ. გავაცნო ქალაქი გორი. მოვუყვე 2008 წლის ომზე, გორში მომხდარ მოვლენებზე”.