“ძალიან სამწუხაროა, რომ სოფელ შინდისში და ასევე სოფელ კარალეთში, მე-3 საბავშო ბაღი, რომელზეც კოლოსალური თანხები დაიხარჯა, განსაკუთრებით სოფელ შინდისზე მაქვს საუბარი, დღემდე არ ფუნქციონირებს”, – მიმართა ენმ-ს წევრმა, გორის საკრებულოში, ბექა ქორჩილავამ გორის მერს, რომელიც საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ესწრებოდა.
“როგორც გარეთ, ისე შიგნით წვიმს და ადამიანები ხელფასებს იღებენ, მაგრამ რატომღაც არ ფუნქცინირებს ეს ბაღი. ეს არის ერთი-ორი დღის პრობლემა, უკვე რამდენიმე წელია ასეთ მდგომარეობაშია საბავშვო ბაღი და მაინტერესებს ამაზე რა პასუხს გაგვცემთ. სამუშაოები ჯეროვნად არ შესრულდა არადა მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა ეს შენობა”, – განაცხადა ქორჩილავამ.
ხინჩეგაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვას, კითხვითვე უპასუხა.
“თქვენ გაეცანით პროექტს? რა იყო ამ თანხაში ჩადებული?”, – იკითხა ხინჩეგაშვილმა.
“დიახ, გავეცანი. პროექტით გათვალისწინებული იყო სახურავის გადახურვა, უნდა შეცვლილიყო ფანჯრები და კიდევ რამოდენიმე სამუშაო, მაგრამ როგორც გარეთ წვიმს, ისე წვიმს შიგნით”, – უპასუხა ქორჩილავამ.
ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვებზე გორის მერი ზოგადი პასუხებით შემოიფარგლა. ხინჩეგაშვილი განცხადებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული საბავშვო ბაღებს ყოველწლიურად უტარდება რეაბილიტაცია.
” არც ერთი საბავშვო ბაღი, რომელშიც არ არის ბავშვებისთვის შესაბამისი პირობები, არ ფუნქციონირებს, იმიტომ რომ არ შეიძლება. მსგავსი ბაღები, რა თქმა უნდა ყოველწლიურად რეაბილიტირდება. წელსაც 5 ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. სამუშაო პროცესია, რა თქმა უნდა ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება. ჩვენ სრულად ვიღებთ პასიხსმგებლობას ხალხის წინაშე”, – განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
ინფორმაციისთვის, შინდისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 2021 წლის მაისში გამოცხადდა. სამუშაოები ამხანაგობა “ველიმ” შეასრულა. ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნულ კომპანიას საბავშო ბაღის შენობისთვის უნდა გამოეცვალა სახურავი, მოეწყო კანალიზაციისა და ელექტრო გაყვანილობის ქსელი, შეელესა კედლები და ფანჯრები.