ხაშურში, რუსთაველის ქუჩის გაცალმხრივება პრობლემაა მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და სკოლებისთვის – ამის შესახებ ადგილობრივები სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ. როგორც ისინი ამბობენ, საგზაო მოძრაობაში ცვლილებების შეტანის დროს მათი საჭიროებები გათვალისწინებული არ იყო.
მოსახლეობა ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორმხრივად მოძრაობა მოსწავლეებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
“ბავშვები სკოლებიდან გამოდიან, ყველა იქვე ხომ არ ცხოვრობს?! სოფლებიდანაც დადიან და იქვე ელოდებოდნენ ტრანსპორტს, რომ გაყოლოდნენ. ახლა კიდევ პატარებმა როგორ უნდა იარონ მარტომ. არ ვიცი. რუსთაველი არ უნდა გაეხადათ ცალმხრივი”, – წერს სოციალურ ქსელში ნათია ჯოხაძე.
მშობლები შიშობენ, რომ ამ ქუჩაზე გადაადგილება ბავშვებისთვის ზამთარში კიდევ უფრო საშიში გახდება.
“ბავშვებს თავგზა აებნათ. ზამთარში, ყინვაში სად ეძებონ ბავშვებმა ტრანსპორტი. მოლიპულ ტრასაზე გინდათ არბენინონთ ასეთ მოძრაობაში? მოლიპულ ტრასაზე რანაირად გადავლენ ბავშვები? უბედურება რომ მოხდება, მერე ატყდება ხოლმე აჟიოტაჟი, იქამდე ეგუება ყველა ყველაფერს. რა თქმა უნდა, უნდა დაიშვას საზოგადოებრივი ტრანსპორტი”, – წერს კიდევ ერთი მოქალაქე, ნინო გელაშვილი
ერთ-ერთი სკოლა, რომელიც ამ ქუჩაზე მდებარეობს მესამე საჯარო სკოლაა. მისი დირექტორი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა ამ ქუჩაზე სასწავლო წლის ბოლომდე მაინც უნდა ყოფილიყო დაშვებული.
“მინიმუმ სასწავლო წლის ბოლომდე მაინც უნდა მოძრაობდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად. ახალი სასწავლო წლიდან მშობლებიც ახლებურად დაგეგმავენ, ან სკოლას შეიცვლიან ან დაარეგულირებენ რაღაცნაირად. ამ შუა სასწავლო წელს დაიბნა ხალხი. მე-2 კლასელი ბავშვი სად წავიდეს, აღარ იცის”, – წერს მესამე სკოლის დირექტორი, თამარ გაგლოშვილი.
ადგილობრივების მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვის მიუხედავად, რუსთაველის ქუჩა კვლავ ცალმხრივი რჩება. შეგახსენებთ, რომ ქუჩის გაცალმხრივების გადაწყვეტილება ხაშურის მერიამ მიიღო და ეს ცვლილება ძალაში ერთი თვის წინ შევიდა.