ბლოგები

როგორ დავამზადებინოთ ბავშვებს ნაძვის ხის დეკორაციები მარტივად?

ავტორი: მარა შალუტაშვილი, მასწავლებელი

უკვე შვიდი წელია, საგანამანათლებლო სფეროს წარმომადგენელი ვარ, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას ვასწავლი. ჩემი ინტერესის სფერო ყოველთვის განათლება და ხელოვნება იყო. ცოდნის და სურვილების ადაპტირება სწორედ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლად მუშაობის პროცესში შევძელი.

ვფიქრობ, თანამედროვე ადამიანის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება, რასაც საფუძველი სასკოლო სივრცეში ეყრება. ახალი იდეების გენერირება, ანალიზი, მათი განხორციელება შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების სტიმულირებით ხდება, ამიტომ მოსწავლეებს ყოველთვის ვთავაზობ ახალ, საინტერესო და კრეატიულ დავალებებს, მრავალფეროვან რესურსს. საბოლოო პროდუქტის მისაღებად კი, მოსწავლეები გუნდური მუშაობის პრინციპით, თანამშრომლობითი უნარების გაძლიერების მიზნით, ქმნიან ერთობლივ  ნამუშევრებს.

ამ ეტაპზე ვმუშაობ საახალწლო კოლექციაზე – მოსწავლეები ამზადებენ ნაძვის ხის სათამაშოებს, დავალების შესრულების პროცესში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ. მათი ნამუშევრები განთავსდება სასკოლო ბაზაზე შექმნილი გამოფენა – გაყიდვის ფიზიკურ სივრცეში. აღნიშნული კი დამატებით ხელს შეუწობს მოსწავლეებში მეწარმეობის უნარების განვითარებას.

გთავაზობთ საახალწლო სათამაშოების დამზადების ტექნიკას და მასალების ჩამონათვალს, რომლებიც დასჭირდათ ნაძვის ხის სათამაშოების დასამზადებლად.

მასალა:

  • ცხელი წებო;
  • გირჩი;
  • ფერადი ხის ჩხირები;
  • ფერადი რბილი ბურთები;
  • მყარი ძაფი;
  • მძივები.

მასტერკლასი ნაძვის ხის სათამაშოს დასამზადებლად:

მოამზადეთ ცხელი წებო, გირჩის ნაჭრებზე დაიტანეთ და დაამაგრეთ ფერადი რბილი ბურთები. როდესაც გირჩის მორთვას დაასრულებთ ცხელი წებოს დახმარებით, მოკლე მყარი ძაფი ორად მოკეცეთ და დააკარით გირჩის თავზე. მიიღებთ ულამაზეს გირჩის საახალწლო სათამაშოს.

მოამზადეთ ფერადი ხის ჩხირები. მარტივი ტექნიკის გამოყენებით მიეცით ვარსკვლავის ფორმა. გადაბმის ადგილები კი დაამაგრეთ ცხელი წებოს დახმარებით. როდესაც ვარსკვლავის ფორმას მიიღებთ, იზრუნეთ სათამაშოს გაფორმებაზე. გამოიყენეთ მძივები, ფერადი რბილი ბურთები. მყარი ძაფის დახმარებით კი სათამაშოს საკიდი გააკეთეთ და ცხელი წებოთი დააწებეთ.

მსგავსი სტილის სათამაშოები, ახალი წლის სიმბოლოები, შეგიძლიათ შექმნათ თუ ფერად ჩხირებს შეუცვლით ადგილს, მაგალითად მიიღებთ ირემს, ფიფქს, ნაძვის ხეს და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილად და დაკვირვებით მუშაობა.

წარმოგიდგენთ  ჩემი მოსწავლეების მიერ დამზადებული ნაძვის ხის სათამაშოების ამსახველ ფოტო მასალას.

დატოვეთ კომენტარი