ხაშურში მცხოვრებმა, სამი შვილის დედამ, სოფო გრიგალაშვილმა სამკერვალო დაახლოებით ერთი წლის წინ დაარსა. “მკერვალი” – ასე ჰქვია ნაწარმს, რომელიც მომხმარებელს ორიგინალური დიზაინის ტანისამოსს სთავაზობს.
36 წლის ქალმა საკუთარ ნამუშევრებზე ქართული სიტყვები, ორნამენტები და წარწერები გამოსახა. ამბობს, რომ ეს მის ბრენდს უფრო განსხვავებულს ხდის.
“მსურდა ჩემი შესაძლებლობები და იდეები შემოსავლის წყაროდ მექცია, თანაც ისე, რომ გამეკეთებინა რაიმე ღირებული. გადავწყვიტე, ჩემს მიერ შექმნილ სამოსზე ქართული დაწერლობის, მივიწყებული სიტყვების, ორნამენტები და წარწერები გადმომეტანა. ტანსაცმელზე ნახავთ ნუსხურ დამწერლობასაც, რაც ნაწარმს საინტერესოს და ორიგინალურს ხდის”, – გვიყვება სოფო.
სოფომ სოციალურ ქსელში გვერდი შექმნა, რომლის მეშვეობითაც მსურველებს საკუთარ პროდუქციას უზიარებს.
“დაახლოებით ერთი წლის წინ შევიძინე პირველი საკერავი მანქანა, გავხსენი გვერდები სოციალურ ქსელებში და დავიწყეთ საპილოტე რეჟიმში მუშაობა. ჩვენი კონცეფცია მისაღები და საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. ამჟამად, გაჩნდა საჭიროება გვქონდეს სივრცე, სადაც ჩვენს ნაწარმს ადგილზევე შეიძენენ მომხმარებლები”, – ამბობს სოფო.
სოფომ საქმე დამოუკიდებლად წამოიწყო. ახლა სამკერვალოში 7 ქალი ჰყავს დასაქმებული. ფიქრობს, რომ მთავარია ადამიანმა საკუთარ სურვილებზე არ თქვას უარი და მიზნის მისაღწევად ყველა გზა გამოიყენოს.
“35 წლის ასაკში დავიწყე საქმე, რომელიც შეიძლება ითქვას, ჩემთვის იყო სრულიად უცხო. პარალელურად, ვზრდი სამ შვილს მარტო და ყოველდღიურად ვგრძნობ, როგორ მაძლევს ძალას ჩემი საქმის და მომხმარებლების სიყვარული, გავუმკლავდე ყველაფერს და განვვითარდე. ვურჩევ ყველა ქალს, რომ არ თქვან უარი საკუთარ ოცნებებზე, მცირედი შესაძლებლობაც კი გამოიყენონ და ნამდვილად შეძლებენ მიზნების მიღწევას. მთავარია, არ გაჩერდნენ”, – ამბობს ის.