გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის აკადემიური დოქტორი სოსო ალიმბარაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 1961 წელს დაიბადა. დაამთავრა გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა პედაგოგად. კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში საქართელოს ისტორიაში.
გარდაცვალებამდე “მოზაიკამ” მასთან ინტერვიუ ჩაწერა. კითხვაზე თუ რა ხდის ცხოვრებას განსაკუთრებულს, გვიპასუხა, – “შენი ცხოვრების წესი, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ხანს დაამძიმებ ამ წუთისოფელს, მთავარია როგორ იცხოვრებ”.
“მოზაიკა” გთავაზობთ მასთან ჩაწერილ ინტერვიუდან ამონარიდებს:
გმირობის მაგალითი:
“გმირები ყოველთვის იარსებებენ ბოროტმოქმედების გარეშე. ჩემთვის გმირი არის ანწუხელიძეც და გმირი არის ექვთიმე თაყაიშვილიც, ბერი თევდორე, იაკობ გოგებაშვილი. ექვთიმემ გვასწავლა, როგორ გამოვადგეთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ უნდა იცხოვროს სხვამ და მოვუწოდებთ, მაგრამ გვავიწყდება, ჩვენ როგორ უნდა ვიცხოვროთ და მან საკუთარი ცხოვრებით მოგვცა ამის საუკეთესო ნიმუში”
საიდან იწყება ქვეყნის სიყვარული:
“ფასეულობებზე როდესაც ვლაპარაკობთ, გული მტკივა, რომ ჩვენ ხანდახან სუფრიდან ვერ გამოვდივართ, როდესაც გულში მჯიღის ცემით საქართველოს, ქალაქის, სოფლის, თუ ქუჩის სადღეგრძელოს ვსვამთ. ვერ ვეგუები, როდესაც მოვდივარ და მზესუმზირის გროვაში სხედან ახალგაზრდები. ქვეყნის სიყვარული იწყება ქუჩიდან, სადარბაზოდან. ეს მარტივად მოსაგვარებელია, ფსიქოლოგიაში ერთი ჭანჭიკი ცოტა მეტად უნდა დავუჭიროთ და დამთავრდება ყველაფერი”.
ქართველი მედროვეები:
“ყველა დროს თავისი მედროვეები ჰყავს. მაგალითად მარადიული პარლამენტარები. ხომ არ შეიძლება დღეს იყო ერთი პარტიის წარმომადგენელი და ხვალ მეორე. მედროვეები იქნებიან, სანამ სამყარო იარსებებს, რადგან ცხოვრება დიდწილად ძალიან ფარისეველია”.
სოსო ალიმბარაშვილი არის რამდენიმე ისტორიული რუკის, სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის, წიგნისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი.