ბლოგები

რატომ ვირჩევთ არაფორმალურ განათლებას?

ავტორი: ნონა თათეშვილი

მოზარდების განათლების მიღებაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან იწყება. ფორმალური განათლების მიღება ნამდვილად წარმოადგენს ახალგაზრდებისთვის და მათი ოჯახის წევრების მთავარ მიზანს, თუმცა მხოლოდ სკოლასა თუ უნივერსიტეტში მაღალი მოსწრება არ და ვერ იქნება წარმატების გარანტია.

ჩემ შემთხვევაში, არაფრომალურმა განათლებამ დიდი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პიროვნების და პროფესიონალის ჩამოყალიბებაში.

წლების გამოცდილებამ დამანახვა, რომ არაფორმალური განათლება ძალიან ეფექტური და საჭირო ხელსაწყოა ახალგაზრდებში თვითშემეცნების, რბილი უნარების განვითარების, სოციუმის/სათემო პრობლემების იდენტიფიცირების და მათი გადაჭრის პროცესში აქტიურად ჩასართავად.

არაფორმალური განათლების გზით, ახალგაზრდები სწავლობენ, აკვირდებიან საკუთარ და სხვათა დამოკიდებულებებს-ქცევებს, ეძებენ პრობლემის გადაჭრის გზებს, უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა, გუნდური მუშაობის და ლიდერობის უნარ-ჩვევები.

დროთა განმავლობაში, ახალგაზრდებს უჩნდებათ სურვილი მიღებული ცოდნა-გამოცდილება დანერგონ თავის სასკოლო თუ საუნივერსიტეტო თემებში, იყვნენ მიღებული ცოდნის გამავრცელებლები, ასევე აქტიურად ჩართულნი სასკოლო/საუნივერსიტეტო თვითმმართველობებსა და სათემო ორგანიზაციების მუშაობაში.

შედეგზე ორიენტირებული აქტიურობა ახალგაზრდებში თვითშეფასების ამაღლებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

გარდა თითოეული ახალგაზრდის თვალსაწიერის გაფართოვებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმეგბლობის ზრდისა, ასეთი არაფორმალური სივრცეები, სხვადასხვა სკოლის/სასწავლო დაწესებულების წარმოადგენლების გამაერთიანებლადაც გვევლინება. ყალიბდება ფასეულობითი კავშირები, მეგობრობა და სამომავლო თანამშრომლობა.

ჩემს პრაქტიკაში ბევრჯერ შევხვედრივარ არაფორმალურ სასწავლო პროგრამებში მონაწილე ახალგაზრდების მიერ შექმნილ ქმედით ორგანიზაციულ გაერთიანებებს და წარმატებულ ბიზნეს წამოწყებებს.

არაფრომალური განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომია. ის არ მოითხოვს რაიმე წინაპირობას – განსაზღვრულ ცოდნას, გამოცდილების ქონას. აქ მთავარი მოტივაციაა, ისწავლო და გააკეთო რაიმე სასარგებლო შენთვის და შენი თემისთვის.

ახალგაზრდებს ვურჩევდი, მაქსიმალურად ჩაერთონ ქალაქის მასშტაბით არსებული ახალგაზრდული ცენტრების საქმიანობაში, იმუშაონ საზოგადოებრივ საწყისებზე და გამოიყენონ ყველა შემოთავაზებული სასწავლო პროგრამა, რაც მათ შეუცვლელ გამოცდილებას და პიროვნულ ზრდას მოუტანს.

დატოვეთ კომენტარი