ქარელში მცხოვრები 32 წლის მარიამ ედილაშვილი-ტყემალაძე რამდენიმე წელია ხელნაკეთ შოკოლადებს ამზადებს.
“შოკოლაბი”, – ასე ჰქვია ტკბილეულს, რომელიც მომხმარებლებს ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. მარიამი ამზადებს სხვადასხვა სახეობის ფილას, მენდიანტებს, ფერად ბონბონებს, რომლებიც სასიამოვნო და არომატული გემოთი გამოირჩევა.
მარიამი პროფესიით ლაბორანტია და ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. შოკოლადის დამზადების იდეა კი 4 წლის წინ გაუჩნდა.
“შოკოლადის წარმოების იდეა გამიჩნდა მაშინ, როდესაც მეორე ბავშვი გავაჩინე და სახლში მომიწია დაჯდომა. ვიფიქრე, რაღაც განსხვავებული მეკეთებინა, რისი კეთებაც სიამოვნებას მომანიჭებდა. დავფიქრდი, რა მიყვარდა ყველაზე მეტად, ეს იყო შოკოლადი. ამის შემდეგ გადავწყვიტე შემესწავლა ეს საქმიანობა, მოვიძიე უამრავი ინფორმაცია, შევისწავლე ბაზარი და ნელ-ნელა დავიწყე კიდეც კეთება”, – გვიყვება მარიამი.
მარიამი ამბობს, რომ საქმე დიდ დროს და შრომას მოითხოვს. ყურადღებას აქცევს ნედლეულს, რათა მასალები – კარგი ხარისხის, შედეგი კი საუკეთესო იყოს.
“შოკოლადისთვის ვიყენებ უმაღლესი ხარისხის ნედლეულს, თხილეულს და ჩირეულს. შოკოლადის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. არის ბონბონები, ტრუფელები, ლოლიპოპსები, შოკოლადის ფილები, მენდიანტები. ასევე აქტიურად ვმუშაობთ საბავშვო ხაზით. გვაქვს განსხვავებული, სხვადასხვა თემატიკის ლამაზი ფიგურები, ამჟამად საახალწლო”, – აღნიშნავს მარიამი.
მარიამი ტკბილეულს ხელით ამზადებს. დამხმარე არ ჰყავს, თუმცა შეფუთვაში მეგობრები ეხმარებიან.
“ტკბილეულს ვამზადებ მხოლოდ მე. შეფუთვაში და სხვა საქმეებში მეხმარებიან მეგობრები. ჩვენთან არის ფართო არჩევანი, ამიტომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლა იპოვნოს საკუთარი გემო. ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ ვმუშაობთ, თუმცა რამოდენიმე ობიექტისგან გვაქვს შემოთავაზება და სულ მალე მსურველებს დახლებიდან შეეძლებათ პროდუქციის შეძენა“, – ამბობს ის.
“შოკოლენდის” ტკბილეულში მოყვარულები სამარხვო შოკოლადსაც აღმოაჩენენ. მარიამი ფავორიტ ნუგბარსაც გვიზიარებს, ეს არის შავ შოკოლადი ალუბლით, ატმის ჩირით და ფორთოხლის ცუკატით.