ქარელში მცხოვრები სამი შვილის დედა ჯუნა ცხოვრებაძე, რამოდენიმე წელია ხატებს წერს. ჯუნა პროფესიით პედაგოგია, ბებნისის საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის და ამავე სკოლის არჩეული დირექტორია.
პედაგოგი ხატწერით რამდენი წლის წინ დაინტერესდა. ხატვა ბავშვობიდან უყვარდა. გვიყვება, რომ მხატვრული ლიტერატურის კითხვის დროს ხშირად უჩნდებოდა სურვილი სცენების ტილოზე გადატანის.
“შემძლებოდა ხატვა, ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. სამწუხაროდ, იმ დროისთვის მუნიციპალიტეტში ხატვის წრე არ ფუნქციონირებდა და ეს ოცნება ვერ ავიხდინე. როდესაც მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობდი, მინდოდა სცენების ტილოზე გადატანა, მაგრამ ამის კომპეტენცია არ მქონდა და გული მწყდებოდა. შემდგომ დავიწყე პატარ-პატარა ჩანახატების გაკეთება. ვხატავდი თავისუფალ დროს, ძირითადად, ღამის საათებში, რადგან სხვა თავისუფალი დრო არ მქონდა”, – გვიყვება ჯუნა.
ჯუნამ ხატწერის შესწავლა პანდემიის დროს, დისტანციურად დაიწყო. ამბობს, რომ ამ საქმიანობის დაწყება მისი სულიერი მოძღვრის დამსახურებაა.
“ერთხელ ოჯახში გვსტუმრობდა ჩემი მოძღვარი, რომელმაც ჩემი ნამუშევრები ნახა და მომცა კურთხევა ხატწერის შესწავლის. მას ჩემზე მეტად სჯეროდა ჩემი შესაძლებლობების. თავიდან უარი ვთქვი, ვინაიდან ხატის დაწერა საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობასთან და სულიერებასთან ასოცირდება ჩემთვის. ამ დროს დაემთხვა პანდემიის პერიოდი, ძირითადად სახლში ვიყავით, გარეთ გასვლას ვერ ვახერხებდი და გადავწყვიტე, რომ ონლაინ მესწავლა ეს საქმე. დღემდე ვსწავლობ. არაჩვეულებრივი მასწავლებელი მყავს, ყველანაირად მიწყობს ხელს, რომ ხატწერა კარგად შევისწავლო”, – ამბობს ის
ჯუნამ პირველი ნამუშევარი დაახლოებით ერთი წლის წინ შექმნა, “დეისუსის” ღვთისმშობელი.
“პირველი ხატი რომელიც შევქმენი იყო ვედრების ტიპის ღვთისმშობელი. ეს ხატი ახლა ჩემი მეუღლის დასთან იმყოფება. როდესაც მასზე დავასრულე მუშაობა და მან ნახა, ძალიან მოეწონა, ვერ მალავდა ემოციას. რაღაც განსაცდელები ქონდა და არც დავფიქრებულვარ, ისე ვაჩუქე და თან ვუთხარი, აი, ახლა რასაც შესთხოვ, აუცილებლად აგიხდება-მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, შეეწია ღვთისმშობელი. ისეთი თხოვნა შეუსრულა, რაზეც მხოლოდ ოცნება შეეძლო”, – აღნიშნა მან.
ჯუნა ამბობს, რომ ხატებზე მუშაობა შრომატევადი და რთულია. ფიქრობს, რომ მუშაობის პროცესში აუცილებელია განწყობა.
“არის პერიოდი, როცა როგორც მწყურვალს წყალი, ისე გინდა დაჯდე და ერთი ამოსუნთქვით დაწერო, თუმცა ასე არ ხდება. ხატწერა საკმაოდ შრომატევადი პროცესია და დიდ დროს, მოთმინებას და რუდუნებას მოითხოვს. ძირითადად ღამე ვმუშაობ, როცა ყველას სძინავს. ამ დროს განსაკუთრებული სიმშვიდეა, ქუჩის ხმაურიც ნაკლებად გაწუხებს ადამიანს. ხშირად გამითენებია ღამე, ხატის წერაში. დილით ამიღია ჩანთა და პირდაპირ სამსახურში წავსულვარ. ყოფილა პერიოდი, როდესაც 12 საათი ან მეტიც მიმუშავია და არ დავღლილვარ”, – ამბობს ჯუნა.
ჯუნა ცხოვრებაძე 2007 წლიდან მუშაობს ქარელის მუნიციპალიტეტის ბებნისის საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. მინიჭებული აქვს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. დირექტორად კი 2014 წელს აირჩიეს.