გორში მცხოვრები უკრაინელი ევა კულინეცი საკუთარ ნახატს უკრაინელი მებრძოლების დასახმარებლად ყიდის.
ინფორმაციას უკრაინის მხარდამჭერთა ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მეზვრიშვილის ინფორმაციით, ევა ნახატის გაყიდვით მიღებული თანხის ნაწილით უკრაინელ მებრძოლებს დაეხმარება.
“უკრაინიდან ომს გამორიდებული, ამჟამად დედასთან ერთად, ჩემს ჭერქვეშ მცხოვრები,15 წლის მხატვარ გოგონა, ევა კულინეცის( Eva Kylinets )ნამუშევარი. მთხოვა დამედო ჩემს ფეისბუქ გვერდზე, რათა გაყიდოს და თანხის ნაწილით დაეხმაროს უკრაინაში მებრძოლ მეომრებს, რომლებიც იცავენ მის სამშობლოს”, – წერს ზაზა მეზვრიშვილი.
მეზვრიშვილი ფიქრობს, რომ სასურველია ნახატი უკრაინის მხარდამჭერთა ცენტრმა შეიძინოს და შემდეგ სიმბოლურად ოკუპაციის მუზეუმს გადაეცეს.
“ჩვენ შეგვიძლია, უკრაინის მხარდამჭერთა ცენტრის ანგარიშზე ჩარიცხული თანხებით შევისყიდოთ ევას ნახატი და შემდეგ გადავცეთ რომელიმე მუზეუმს,შეიძლება ეს იყოს ოკუპაციის მუზეუმი გორში”, – ამბობს მეზვრიშვილი.