სტატიები

თრუსო – ნასოფლარების მხარე

JAMnews-ის რეპორტაჟი მიტოვებული, დაცლილი თრუსოს ხეობიდან, სადაც ოდესღაც ოსები და ქართველები ერთად ცხოვრობდნენ 

თრუსოს ხეობა კავკასიონის მთავარ ქედსა და ხოხის ქედს შორის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ჩრდილოეთით რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ავტონომიურ რესპუბლიკას – ჩრდილოეთ ოსეთს ესაზღვრება.

2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თანახმად, ხეობაში შემავალ 19 სოფელში ჯამში 29 ადამიანი ცხოვრობდა. თუმცა, მათი უმეტესობაც მხოლოდ სეზონურად რჩება ხეობაში.

ზამთარი თრუსოში მკაცრი და თოვლიანია. აცივდება თუ არა, ხეობა ყრუდ იკეტება. ბევრ სოფელში დღემდე არ არის შუქი და გაზი და სხვა თანამედროვე კომუნიკაციები. ზოგ სოფელში ისეთი გზაა, რომ მანქანა ზაფხულშიც ვერ მიდის და ერთადერთი ტრანსპორტი ცხენია.

ზაფხულობით ხეობაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან მოხევეები ჩამოდიან – ჩამოჰყავთ ცხვარი, საქონელი, რომ აქაური ალპური ზონის ნოყიერი ბალახი მოაძოვონ.

რამდენიმე წლის წინ თრუსოს ხეობის სოფლები უმეტესად ეთნიკური ოსებით იყო დასახლებული. როგორც ოსები ჰყვებიან, 65 ოსური გვარის სამშობლო სწორედ თრუსოა.

აქ დღემდეა შემორჩენილი ოსური სალოცავები, საგვარეულო კოშკები, საფლავები. აქაურ სოფლებს ორ-ორი სახელი აქვს – ქართველები სხვას ეძახიან, ოსები – სხვას.

ქართველებიც და ოსებიც, ძველ ცხოვრებას ნოსტალგიით იხსენებენ. ამბობენ, რომ კონფლიქტი და გასაყოფი არაფერი ჰქონდათ, იქმნებოდა შერეული ოჯახები.

რუკაზე შეიძლება თრუსოს ხეობის ადგილმდებარეობის ნახვა: რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, საკონტროლო გამშვებ პუნქტ ზემო ლარსს, გამოჩენილ ყაზბეგის მწვერვალსა და ცნობილ ქართულ სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურს შორის

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იანების დასაწყისში, ქართული ნაციონალისტური განწყობების ზრდის ფონზე საქართველოში დაიწყო ქართულ-ოსური ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტი, რომელიც 1990-1992 წლებში შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. ამ დროს ხეობიდან ოსების მასოვრივი გადინება დაიწყო.

“90-იან წლებში დაიწყო საერთოდ ქართულ-ოსური დაპირისპირება. თრუსოს ხეობა კი არ დაიცალა მარტო, მთელი საქართველო დაიცალა ოსებისგან: ქვემო ქართლი, მთელი კასპის რაიონი, ბორჯომის ხეობა, ბაკურიანი, მიტარბი, კახეთი. აქ ყველაგან ცხოვრობდნენ ოსური ოჯახები და დაიცალა მათგან ეს რეგიონები. არ ვლაპარაკობ უშუალოდ სამხრეთ ოსეთზე, სადაც ომი და საშინელი სისხლისღვრა მიმდინარეობდა. ეს იყო ქართულ ნაციონალიზმზე რეაგირება. ქართველი ნაციონალისტები, რომლებსაც მაშინ „არაფორმალებს“ ეძახდნენ, აშკარად ედავებოდნენ ყველგან ეთნიკურ ოსებს ბინებს, სახლებს. დაიწყო ოსების გეგმაზომიერი ეთნიკური წმენდა, რაც მერე ქართველებს ათმაგად დაგვიბრუნდა უკან, როდესაც 2008 წელს სამხრეთ ოსეთში ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა მოხდა. ჯერ ქართველებმა მოახდინეს ოსური სოფლების დაცლა, მერე უკვე ოსებმა გვიპასუხეს და დააცლევინეს ქართველებს ქართული სოფლები,” – ჰყვება კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

თრუსოს ხეობიდან მიგრაციის მეორე ტალღა 2006 წელს მას შემდეგ აგორდა, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა და რუსეთთან დამაკავშირებელი ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაიკეტა. ორ წელიწადში, 2008 წელს, სამხრეთ ოსეთში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ამ პერიოდში ხეობა, ფაქტობრივად, სრულად დატოვეს ოსურმა ოჯახებმა.

მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ გაამკაცრა შესვლა ხეობაში იმ მოტივით, რომ იგი სასაზღვრო ზონად ითვლებოდა, თრუსოელ ოსები მაინც ახერხებდნენ მიმოსვლას და ხეობასთან კავშირი არ გაუწყვეტიათ – ზაფხულობით ჩადიოდნენ, სახლ-კარს დახედავდნენ, საფლავებს მოინახულებდნენ და რელიგიურ დღესასწაულებს ესწრებოდნენ. ოსებისთვის, რომლებიც წარმოშობით თრუსოდან არიან, ეს ხეობა წმინდა ადგილად ითვლება, რადგან აქ ბევრი ოსური სალოცავია.

თუმცა, რამდენიმე წლის წინ საზღვარზე მიმოსვლა კიდევ უფრო გამკაცრდა. დღეს აქ მოსახვედრად სპეციალური საშვია ასაღები, თუმცა, როგორც თრუსოელი ოსები ჩივიან, ქართული მხარე ყოველგვარი განმარტების გარეშე ბევრ თრუსოელ ოსს უარს ეუბნება შესვლაზე. მათი თქმით, თბილისის დაუწერელი პოზიციაა, რაც შეიძლება ჩაკეტოთ თრუსო ოსებისგან და იქ მათი კვალი წაშალონ.

თბილისში ამ პოზიციას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ხეობა არის სასაზღვრო ზონა, სადაც განსხვავებული წესები მოქმედებს – ხეობაში შესასვლელად საშვი სჭირდებათ არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის მქონე ეთნიკურ ოსებს, არამედ ეთნიკურ ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებსაც.

თბილისის გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ჩრდილო და სამხრეთ ოსეთში თრუსოს მიიჩნევენ “ძირძველ ოსურ მიწად, რომელიც ადრე თუ გვიან ოსებმა აუცილებლად დაიბრუნონ”. მსგავსი განცხადებები არაერთხელ გაუკეთებიათ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ პირებს.

ამ ყველაფრის შედეგი არის ის, რომ ბევრი თრუსოელი ოსისთვის მშობლიური სახლებისკენ და წინაპართა საფლავებისკენ გზა ჩაიკეტა. ისინი წლებია ვერ ჩადიან მშობლიურ სოფლებში, რასაც მუდმივად აპროტესტებენ.

ამ მასალაზე JAMnews-ის თბილისელმა და ვლადიკავკაზელმა ჟურნალისტებმა ერთობლივად იმუშავეს. ჟურნალისტები თბილისიდან ჩავიდნენ თრუსოს ხეობაში. ვლადიკავკაზელმა კოლეგებმა კი მოიძიეს თრუსოს ხეობის მკვიდრი ოსები საზღვრის რუსულ მხარეს, რათა მათი ისტორიები მოესმინათ.


თბილისიდან თრუსომდე მანქანიტ სამ საათზე ნაკლები სჭირდება.

თრუსოს ხეობის სამანქანე გზის სიგრძე 31 კილომეტრია. ის გადის მტების თვალწამტაც პეიზაჟებსა და  მიტოვებულ ნასახლარებს შორის, თერგის ხმაურის ფონზე – ჩრდილოეთ კავკასიის ეს მთავარი მდინარე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის მიედინება, სათავეს სწორედ აქ, ამ ხეობაში  იღებს.

აქ ახლადაშენებული შენობა არ შეგხვდებათ. 

აქაურობა ისტორიული ფილმის დეკორაციას ჰგავს – ქვით ნაგები შუასაუკუნოვანი ციხე-კოშკებები, ერთნავიანი ბაზილიკები, ერთსართულიანი ქვის სახლები და გალავნები.

ისტორია პირველი: სიმა

თრუსოს იმ ნაწილში, რომელშიც ჩვენ ვიყავით, ორი მაცხოვრებელი შეგვხვდა. მათგან მხოლოდ ერთი ცხოვრობს ხეობაში მუდმივად – 68 წლის სიმა ბედიხოვა, ეროვნებით ოსი ქალი, თრუსოში გაბადებულ-გაზრდილი. სიმა სოფელ ოქროყანის ერთადერთი მაცხოვრებელია.

სიმას ბავშვობაში ამ სოფელში ოსური ოჯახები ცხოვრობდნენ, თუმცა თანდათანობით, წლიდან წლამდე მეზობლები შემოეცალა – ყველა ქალაქში წავიდა. აქაური ოსები ძირითადად ვლადკავკაზში გადასახლდნენ, რამდენიმე ცხინვალშიც წავიდა.

“ადრე ამ სოფელში არ გვიჭირდა – კარტოფილს ვთესავდით, ფრინველი, საქონელი, ქათამი, ღორი, ძროხა, ცხვარი – ყველაფერი გვყავდა, როგორც ჩვეულებრივ სოფელში. ვცხოვრობდით მეგობრულად, ერთმანეთს ვეხმარებოდით… ყველა წავიდა. ზოგი გარდაიცვალა და აწი ვეღარც ვნახავ ვერაოდეს. ახალგაზრდები ქალაქში მუშაობენ, სოფელი აღარ უნდათ,“

მასალის კითხვა შეგიძლიათ განაგრძოთ ბმულზე: https://bit.ly/3XotYQc
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.