ახალი ამბები

გერმანული ენის პედაგოგმა ნანა კობახიძემ დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო მიიღო

გერმანული ენის პედაგოგმა ნანა კობახიძემ დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო მიიღო

კობახიძე ქარელის მუნიციპალიტეტის გამყოფ ხაზთნ მდებარე სოფლებში, დვანის და ტახტიძირის საჯარო სკოლებში გერმანულ ენას ასწავლის.

“სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ველოდი. ვთვლი, რომ ჩემ გვერდით ბევრი დამსახურებული პედაგოგია, რომლებიც სრულიად უხმაუროდ ასრულებენ მასწავლებლის ამ მეტად საპასუხისმგებლო და საპატიო მოვალეობას. მადლობა ჩემს ოჯახს, სადაც დაბადებიდან დღემდე ვსწავლობდი მასწავლებლობას და რომლის თითოეული წევრი, ჩემზე მეტად თუ არა, არანაკლებად იმსახურებს ამ საპატიო წოდებას”.

ნანა კობახიძის პედაგოგიური საქმიანობა 30 წელს ითვლის. აქედან 20 წელი მან ქარელის გიმნაზიაში იმუშავა. ამბობს, რომ პედაგოგების ოჯახში გაიზარდა და პროფესიის არჩევაშიც ეს დაეხმარა. 

“ჩვენი ოჯახი, შეიძლება ითქვას, მთლიანად პედაგოგების ოჯახია. მამა ქარელის რაიონში ერთ-ერთ საუკეთესო პედაგოგად ითვლებოდა და ოთხივე შვილი მის გაკვალულ გზას გავყევით. ბავშვი ვერ მიიღებს სწორ ცოდნას გულგრილი მასწავლებლისგან. მან უნდა იგრძნოს, რომ ნამდვილად მისიანი ხარ, მის მხარეს ხარ, მის გამოსაჭერად ან შესარცხვენად კი არ შედიხარ გაკვეთილზე, არამედ მისი გულის გასათბობად, მისი სულის გასანათლებლად, გონების გასავარჯიშებლად და გასაძლიერებლად და ამ ყველაფერს მისი უკეთესი მომავლისთვის აკეთებ.”

ნანა ამბობს, რომ მასწავლებლისთვის საუკეთესო ჯილდო ის სიყვარულია, რომელსაც მოსწავლეებისგან გრძნობს. 

“არა მგონია, ბევრ რამეს შეეძლოს ადამიანისთვის ისეთი სიამოვნების მინიჭება, როგორიც წლების შემდეგ ყოფილი მოსწავლის მიერ მოწერილი გულწრფელი სამადლობელი წერილის კითხვისას შეიძლება დაგეუფლოს. ამიტომ, მადლობა ჩემს ყველა ყოფილ და ახლანდელ მოსწავლეს, რომლებსაც ყველაზე გულწრფელად გაეხარდათ ჩემი ჯილდო და რომელთა გარეშეც, უბრალოდ მასწავლებელი ვერ ვიქნებოდი.”

დატოვეთ კომენტარი