ავტორი: ვასო გულეური, საბავშვო მწერალი
ძალიან მნიშვნელოვანია, უმცროს ასაკში, როცა ბავშვი თავად იწყებს კითხვას, ვურჩიოთ და სწორად მივაწოდოთ საბავშვო ლიტერატურა. კითხვის კულტურა ბევრად უფრო ადრე ყალიბდება, როცა მშობელი ან სხვა უფროსი ადამიანი თავად უკითხავს ბავშვს წიგნს, მასთან ერთად კითხულობს და ბავშვი ხედავს, რომ დიდები თავადაც კითხულობენ.
სასკოლო ასაკიდან ბავშვი უკვე იწყებს წიგნებთან ურთიერთობას, როგორც მკითხველი. ასეთ დროს არ უნდა შევწყვიოთ ერთად კითხვის ტრადიცია, ვიკითხოთ ბავშვებთან ერთად, მაგრამ ამავე დროს, ხელი შევუწყოთ, რომ მან დამოუკიდებლადაც დაიწყოს წიგნების კითხვა.
ცხადია, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ბავშვის ინდივიდუალური ინტერესები – მივაწოდოთ ისეთი წიგნები, რაც აინტერესებს – სათავგადასავლო, მოგზაურობის შესახებ, სახალისო, თანატოლების ურთიერთობაზე და სხვა. თუმცა, არის ისეთი ჟანრები და ავტორები, რომელიც მეტნაკლებად საინტერესო და მიზიდველია ყველა ბავშვისთვის.
უპირველესაად, ამ ასაკში განსაკუთრებით ადვილი წასაკითხია საბავშვო ლექსები, ოღონდ არასოდეს დავავალოთ ბავშვს ლექსების დაზეპირება და მერე სხვებთან მათი მხატვრულად წაკითხვა. თუ ბავშვს ლექსი მოეწონა, იგი თავისთავად დაიმახსოვრებს კიდეც, თუკი თავად უნდა. მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ ლექსები და ამ ასაკში არ ვუკითხოთ არასაბავშვო, ჩვენი პირადი მოწონებით შერჩეული ლექსები.
ჩვენი კლასიკოსი ავტორების – მაყვალა მრევლიშვილის, ნოდარ დუმბაძის, გივი ჭიჭინაძის და სხვა ავტორების, ბავშვის ასაკთან შესაფერისი ლექსები აუცილებად შეუქმნის სახალისო განწყობას და თავადაც მოუნდება ახალი ლექსების წაკითხვა. ასევე არ დაგვავიწყდეს ხალხური საბავშვო პოეზიის უმშვენიერესი ნიმუშები.
რაკი ხალხური ზეპირსიტყვიერება ვახსენე, ვიტყვი, რომ ბავშვს აუცილებად შევთავაზოთ ზღაპრებიც – როგორც ქართული ხალხური, ასევე უცხო ქვეყნებისაც. ზღაპრების სამყარო ამ ასაკში კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება და ბავშვს ახალ-ახალი აღმოჩენების წინაშე აყენებს. ხალხურ ზღაპრებთან ერთად, ვურჩიოთ საავტორო, ლიტერატურული ზღაპრებიც – შარლ პეროს თუ ძმები გრიმების, ჯანი როდარის და დონალდ ბისეტის მცირე ზომის, არაჩვეულებრივი ზღაპრები, მოგვიანებით – ანდერსენის და ოსკარ უაილდის საოცარი ზღაპრული სამყარო, არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ და სხვა.
და კიდევ ერთი – მცირე ზომის მოთხრობები არაჩვეულებრივი საკითხავია ყველა ასაკში. ამ მხრივ გამორჩევით აღვნიშნავ რევაზ ინანიშვილის მოთხრობებს – უმცროს ასაკში საბავშვოს, თანდათანობით კი მის სხვა მოთხრობებსაც – მდიდარი ქართული ენით, საოცრად მოთხრობილ, ერთი შეხედვით, უბრალო ამბებს. ინანიშვილის მოთხრობებს აქვს საოცარი ძალა – შეიგრძნო ქართული ენის სიდიადე, დაბადოს მკითხველში სიკეთის, სილამაზის, ემპათიის ადამიანური გრძნობები და დაინახო სამყაროს სილამაზე უბრალო ფოთოლში, შორეულ მთის მწვერვალში, პატარა მელაკუდაში თუ ირმის სევდიან დაძახილში.