სტატიები

შიდა ქართლში, ავარიული შენობის სტატუსი 6 სკოლას აქვს

შიდა ქართლის მასშტაბით, 6 ისეთი სკოლაა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ “მოზაიკას” საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები ესაუბრნენ. 

მათგან მიღებული მონაცემებით, ავარიული შენობის სტატუსი გორის მუნიციპალიტეტის ორ, ქარელის ერთ და ხაშურის სამ სკოლას აქვს. რაც შეეხება კასპს, აღმოჩნდა, რომ ამ მუნიციპალიტეტში მსგავსი სტატუსი არც ერთ სკოლას აქვს მინიჭებული. 

ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სკოლების ნაწილის დემონტაჟი უკვე დაწყებულია. ასეთია, მაგალითად, ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლა. 

“ამჟამად, ხაშურის მეოთხე სკოლაში დემონტაჟი უკვე დაწყებულია. ნაბახტევში ყველაფერი მზად არის დემონტაჟის დასაწყებად, ხოლო ვაყის სკოლაში მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და აქაც მალე დაიწყება სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლებში ამჟამად სასწავლო პროცესი შეჩერებულია და მოსწავლეები სხვა სკოლებში გადიან სასწავლო პროცესს“, – გვითხა ზვიად გოგუაძემ, ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ხელმძღვანელმა.

დემონტაჟს ელოდება გორის მე-11 და ატენის საჯარო სკოლებიც. 

“დემონტაჟი ჯერ არ დაწყებულა, ჩვენი სკოლის მოსწავლეები კი ხიდისთავში გადიან სასწავლო პროცესს“, – გვითხრეს ატენის საჯარო სკოლაში.

ამავე თემაზე: როდის დაიწყება გორის N11 სკოლის დემონტაჟი და რატომ გაჭიანურდა პროცესი?

ანალოგიური სიტუაციაა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ მოხისის საჯარო სკოლაშიც. 

„სოფელ მოხისის საჯარო სკოლა არის საფრთხის შემცველი, თუმცა როდის დაიწყება მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჯერ არ ვიცით. სხვა ასეთი სტატუსის მქონე სკოლები მუნიციპალიტეტში არ გვაქვს“, – განმარტავს ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრი. 

რაც შეეხება კასპს, რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მუნიციპალიტეტში ერთი სკოლაა ისეთი, რომელსაც ავარიული შენობის სტატუსი არ აქვს, თუმცა განახლება სჭირდება. 

„ავარიული სტატუსის მქონე შენობა კასპში არ არის, თუმცა არის ისეთი სკოლა, რომელიც საჭიროებს ინფრასტრუქტურულ განახლებას. ასეთია N4 საჯარო სკოლა და მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, მოსწავლეები დროებით N1 საჯარო სკოლაში გადიან სასწავლო პროცესს”, – გვითხრა ნათია ილურიძემ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები