ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს შესაძლოა რეორგანიზაცია შეეხოს. ეს ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარემ იმ სხდომაზე გააჟღერა, სადაც მუზეუმის გაერთიანების ხელმძღვანელმა დაფინანსების გაზრდა მოითხოვა.
“ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია სჭირდება”, – ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე სამუზეუმო გაერთიანების უფროსი თამაზ ლაცაბიძემ განაცხადა.
ლაცაბიძის თქმით, შენობა მოძველებულია და მეორე სართულის ჩამოშლის საფრთხეც არსებობს.
“სტუმრები რომ მოდიან, მეორე სართულზე რომ ადიან, გვეშინია მუზეუმი თავზე არ ჩამოენგრეთ. იატაკიც ჩავარდნას არის”, – აღნიშნა ლაცაბიძემ.
მან საკრებულოს თავმჯდომარეს უთხრა, რომ მუზეუმისთვის გამოყოფილი დაფინანსება საკმარისი არ არის.
“მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 105 ათასი სამუზეუმო ექსპონატია დაცული და წინ უსწრებს ამ შედეგით სხვა დიდ ცნობილ მუზეუმებს. ამიტომ თქვენი თანადგომა გვჭირდება. რითიც გვეხმარებით, ეგ საკმარისი არ არის”, – აღნიშნა თამაზ ლაცაბიძემ.
ლაცაბიძის შენიშნვას საკრებულოს თავჯდომარემაც შენიშვნით უპასუხა. ნინო ლიპარტელიანმა მუზეუმის მუშაობის მიმართ საკუთარი უკმაყოფილება გამოთქვა.
“21 კაცი გყავთ მუზეუმში დასაქმებული და დახმარებას მე მთხოვთ? საჭიროა მეტი აქტიური მუშაობა თქვენი მხრიდან, რომ მოსახლეობის დაინტერესება მოხდეს. ხაშურში ჩამოსულ ტურისტს სურვილი გაუჩდეს, რომ მუზეუმში შემოვიდეს. გორის მუზეუმი ავიღოთ, ყველა სეზონზე ვიზიტორები ყავთ, რატომ არ უნდა ჰყავდეს ხაშურის მუზეუმს იგივე?! მოაწყეთ გამოფენები, ღონისძიებები, მითუმეტეს, რომ ამდენი ექსპონატია მუზეუმში”, – თქვა ლიპარტელიანმა.
თამაზ ლაცაბიძის თქმით, ლიპარტელიანის შენიშვნების გათვალისწინებისთვის ფინანსები სჭირდებათ.
“ყველაფერს ამას ფული სჭირდება ათასები სჭირდება. მერიის დაფინანსება არ არის საკმარისი, წლებია, 300 ლარზე ვმუშაობთ. მარტო ეს ავიღოთ მაგალითისთვის. ამიტომ ვითხოვთ დახმარებას”.
ფინანსების მოთხოვნას, ნინო ლიპარტელიანმა ასე უპასუხა:
“ნებისმიერ მუზეუმს უნდა შეეძლოს თავისი შემოსავლები ჰქონდეს. თქვენი შემოსავალი კი ძალიან მიზერულია. ვფიქრობ, რომ მენეჯმენტში გაქვთ პრობლემა. ისიც გაურკვეველია, როდესაც მსოფლიოში ყველა მუზეუმი მუშაობს შაბათი-კვირა, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი რატომა დაკეტილი ამ დროს?!”
ლიპარტელიანის თქმით, გაგრძელდება მუზეუმზე დაკვირვება და შესაძლოა დაიგეგმოს რეორგანიზაციაც.
ინფორმაციისთვის, სამუზეუმო გაერთიანების წლიური ბიუჯეტი 230 000 ლარია. ეს თანხა მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან ერთად, კიდევ ორის, ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის და ლესია უკრაინკას სახელობის მუზეუმების შენახვას ხმარდება.