ახალი ამბები

“ქარელობის” კონცერტზე მერიას 17 000 ლარის დახარჯვის ნებართვა მისცეს

ქარელის მერიას სურვილი აქვს, რომ ქალაქის დღესასწაულზე “ღამის შოუს ბენდმა” იმღეროს. გალა-კონცერტისთვის უწყება მომსახურებას პირდაპირი წესით ყიდულობს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან მიღებული ნებართვის საფუძველზე, ბიუჯეტიდან 17 000 ლარის დახარჯვა შეუძლია. 

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ოდენობის თანხა მოითხოვა ქარელში სიმღერისთვის “ღამის შოუს ბენდმა”. ამის შესახებ “მოზაიკას” რამდენიმე დღის წინ ქარელის კულტურის ცენტრების გაერთიანების ხელმძღვანელმა უთხრა. 

“შეთავაზება გავუკეთეთ “ღამის შოუს ბენდს”. თავის მხრიდან იმათმა თავის პირობები შემოგვთავაზეს და 17 000 ლარს ითხოვენ. ხელშეკრულება გაფორმებული ჯერ არ არის, ამიტომ დაზუსტებუთ ვერ ვიტყვი, იმღერებენ თუ არა ჩვენთან”, – გვითხრა ეგნატაშვილმა. 

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა ღონისძიებამდე 4 დღით ადრე, ეგნატაშვილი ამბობს, რომ ოფიციალური ხელშეკრულება ბენდთან ამ დრომდე არ გაუფორმებიათ. 

“ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. ფასზე მიდის მოლაპარაკება. ჩვენ გვინდა, რომ უფრო მისაღებ ფასად გავაფორმოთ ხელშეკრულება, მრავალფეროვანი რეპერტუარით. როდის იქნება საბოლოო პასუხი ვერ გეტყვით. 4 დღეა დარჩენილი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს”, – გვითხრა ეგნატაშვილმა.

ინფორმაციისთვის, “ქარელობა 2022” რამდენჯერმე სხვადასხვა მიზეზებით გადაიდო და საბოლოოდ, მისი აღნიშვნა 5 ნოემბერს გადაწყდა. 

დატოვეთ კომენტარი