განტვირთვა

როგორ დავაფესვიანოთ ვარდები? – აგრონომის რჩევები

ოქტომბრის ეს დარჩენილი დღეები და მთლიანად ნოემბერი საუკეთესო დროა ვარდების დასაკალმებლად, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან ჯანსაღი ნერგი, ზაფხულშივე კი აყვავებული ვარდები გვქონდეს, – გვითხრა პრაქტიკოსმა აგრონომმა, ტარიელ გურგენიძემ. ის სოფელ მეჯვრისხევში, მეურნეობას “ტაო” უძღვება და გვიზიარებს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი ვარდების მომრავლება გვინდა. 



  • დასაკალმებლად ჯანსაღი ვარდის ძირებიდან ვიღებთ ისეთ ტოტებს, რომლებიც წლევანდელია, მაგრამ ზრდა-განვითარება დასრულებული აქვს;
  • ასეთ ტოტებს ვტოვებთ 4 კვირტზე, ქვედა კვირტთან ახლოს, 1-2 მილიმეტრში წაჭრას ვანხორციელებთ ირიბად;
  • რამოდენიმე დღით ქვედა ნაწილებით ვათავსებთ წყალში, შემდგომ კი უკვე ვიწყებთ ჩარგვა-დაკალმების პროცესს.

ის ადგილები, სადაც გვინდა, რომ ვარდებმა კარგად გაიხარონ, აუცილებლად კარგად გაფხვიერებული უნდა იყოს.

  • კალამს ვასობთ 2 კვირტის დაფარვამდე, ზედა 2 კვირტს კი მიწის ზემოთ ვტოვებთ;
  • ვუსხამთ წყალს და ვაფარებთ გადაჭრილი პლასტმასის ბოთლს ან მინის ქილას იმგვარად, რომ გაზაფხულამდე დარჩენილ დროში ქარმა არ გადახადოს და ვარდის კალამი ზამთრისა და ადრე გაზაფხულის სუსხმა არ დააზიანოს.

პლასტმასის ბოთლი ან ქილა დასაფარებლად საჭიროა როგორც ვარდის კალმის სიცივისაგან დასაცავად, ასევე კალმის ირგვლივ ტენის შესანარჩუნებლად, მაგრამ ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაო პროცესი საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამ საქმეს ღია გრუნტში ვაწარმოებთ, ხოლო თუ გაგვაჩნია სათბური, მაშინ დაფარება საჭირო აღარაა, მხოლოდ ხშირი მორწყვა იქნება აუცილებელი, იმ განაწესით, რომ ვარდის კალამი მუდმივად საშუალო ტენიანობის ნიადაგში იყოს.

  • ზამთრის განმავლობაში სხვა სამუშაოების ჩატარება საჭირო აღარაა.
  • მხოლოდ აპრილის თვეში, როცა დავრწმუნდებით, რომ ყინვების საშიშროება აღარაა და ახლადგაღვიძებულ ვარდის კვირტს სუსხი არ დააზიანებს, ფრთხილად ავხდით დაფარებულ საგნებს და ვრწყავთ.
  • ახლადდაკალმებული ვარდები თავიდან, სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში სუსტად გრძნობენ თავს, მაგრამ თუ ნიადაგს დროულად გავაფხვიერებთ, ხოლო გათოხვნის წინ შევიტანთ მცირეოდენ ფოსფორ-კალიუმიან სასუქს /P N K / და ხშირად მოვრწყავთ, ვარდის კალმები ისე მალე  მოძლიერდება, რომ ივნისიდან უკვე ყვავილობას დაიწყებს.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, არ არსებობს ისეთი ჯიშის ვარდი, რომელიც კარგად არ ფესვიანდებოდეს დაკალმებით, თუკი ზემოაღნიშნულ სამუშაოებს ჩავატარებთ.

დატოვეთ კომენტარი