ვლადიმერ ტეტუნაშვილი, რომელიც გორელ პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს, სასამართლო დავას სტრასბურგში აგრძელებს.
ვლადიმერ ტეტუნაშვილის მტკიცებით, პოლიციელებმა ის დააკავეს, გაიტაცეს და სასტიკად სცემეს.
“მას ხელბორკილდადებულსაც სცემეს თავად გორის პოლიციის სამმართველოში”, – ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი, ალექსი მერებაშვილი.
2 წლის განმავლობაში, ვლადიმერ ტეტუნაშვილი პოლიციელების წინააღმდეგ საქართველოში დაობდა, თუმცა როგორც ირკვევა, მის მიერ ბრალდებული სამართალდამცველები ამ დრომდე პოლიციაში მუშაობენ.
“ამ საქმეში მთავარ ფიგურანტად იქცა ლუკა ბეთლამიძე, რომელსაც პირდაპირ ხელს ადებს ვლადიმერ ტეტუნაშვილი”, – გვითხრა მერებაშვილმა.
საქართველოში წარუმატებელი სასამართლო დავის შემდეგ, ვლადიმერ ტეტუნაშვილმა ევროპულ სასამართლოს მიმართა.