ხვალ გორის რაიონული სასამართლო გორის კულტურის სააგენტოს ყოფილი დირექტორისთვის, დავით წეწვაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს.
სასამართლო სხდომა 10:00 საათზე დაიწყება. “მოზაიკას” ინფორმაციით, წეწვაძეს ბრალი რამდენიმე დღის წინ დაუყენეს, ხვალ კი სასამართლოში მის ინტერესებს ადვოკატი თამარ თედლიაშვილი დაიცავს.
“მოზაიკას” ინფორმაციით, ბრალის წარდგენამდე, პროკურატურამ კულტურის ცენტრის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლებიც გამოკითხა.
საბოლოოდ კი, პროკურატურამ კულტურის ცენტრის ყოფილ დირექტორს ბრალი 5 წლის წინ მომხდარ ფაქტებზე წარუდგინა. მასთან ერთდ, ბრალი კიდევ ორ ადამიანს, მათ შორის კულტურის ცენტრის ასევე ყოფილ დირექტორს, ვლადიმერ შუღლიაშვილსაც წარუდგინეს.
რას ედავება პროკურატურა წეწვაძეს?
როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, პროკურატურის ბრალდებით, 2017 წელს, დავით წეწვაძის თხოვნით, ვლადიმერ შუღლიაშვილმა, ერთი პირი შტატგარეშე თანამშრომლად დანიშნა. აღნიშნული პიროვნება სამსახურში არ დადიოდა, მისი სახელფასო ბარათით დავით წეწვაძე სარგებლობდა. პროკურატურის მტკიცებით, დავით წეწვაძემ ამ ფორმით 6 თვის ხელფასი და 2 პრემია მიითვისა; გამოძიების ცნობითვე, ამის პარალელურად, შტატგარეშედ დანიშნული თანამშრომელი და დავით წეწვაძე სარეალიზაციოდ ინახავდნენ 6 000 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტს.
რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს?
ამ კითხვის დასმა დავით წეწვაძის ადვოკატისთვის გვსურდა. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, თამარ თედლიაშვილმა “მოზაიკას” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.