ფუტკრის მოვლა არც ერთ სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას არ ჰგავს, – გვითხრა გელა ჯაბახაძემ, რომელიც 10 წელზე მეტია, რაც მეფუტკრეობას მისდევს.
„პირველ რიგში. აღსანიშნავია, რომ ფუტკარი უზომოდ ჭკვიანი არსებაა და მასთან მოპყრობისას უდიდესი პასუხისმგებლობა გაკისრია. იმ მიზნისკენ მიმავალი გზა, რომ ფუტკარმა მოგცეს თაფლი, ურთულესი, შრომატევადი და საკმაოდ საინტერესოა“.
გელა ჯაბახიძე სოფელ ბერშუეთში ცხოვრობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელიწადში რამდენჯერმე გამოუცვალო ფუტკარს სკა. სკა – ეს არის ფუტკრის საცხოვრებელი ადგილი. ფუტკარს, როგორც ჭკვიან არსებას, ისე უნდა მოეპყრო და შეუქმნა მაქსიმალურად კომფორტული გარემო. ის აუცილებლად იგრძნობს პატრონის დამოკიდებულებას მის მიმართ.”
გვეუბნება, რომ კომფორტული გარემო მხოლოდ სკებით არ შემოიფარგლება
„შესაბამისი გარემოს შესაქმნელად მხოლოდ სკები არ არის საკმარისი. საჭიროა, რომ გარშემო, ფუტკრის სიახლოვეს არსებობდეს შესაბამისი მცენარეული გარემო, რომ მან შეძლოს სასარგებლო ნექტრის მოპოვება.“
გელა ჯაბახიძე გვეუბნება, რომ ფუტრისგან მიღებული ნაყოფი რამდენიმე და ძალიან სასარგებლო პროდუქტად შეგვიძლია ვაქციოთ.
„პირველი და უმთავრესი პროდუქტი არის თაფლი. ასევე ძალიან სასასრგებლო და მოთხოვნადია ფიჭა, რომლიდანაც თაფლი მიიღება. ფიჭა სასარგებლოა, როგორც საჭმელად, ისე სანთლების გამოსადნობად.”
ფიჭიდან სანთლის გამოდნობის პროცესს გელა ხელოვნების სფეროდ მიიჩნევს.
“რადგან პროცესი არის საკმაოდ სასიამოვნო და საინტერესო. ფიჭისთვის სანთლის ფორმის მიცემა ხდება შესაბამისი სანთლის ფიგურები მეშვეობით. ეს გამარტივებული ხერხია. არსებობს ასევე რთული გზაც, როცა ფიჭისთვის სანთლის ფორმის მიცემა უბრალოდ შიშველი ხელებით ხდება.“
გელა ჯაბახიძეს უყვარს საკუთარი საქმე, რადგან ფიქრობს, რომ ამ სფეროში ყოველი დღე სწავლის და აღმოჩენებისაა.
„მეფუტკრეობა – ეს არის საქმიანობა, რომელშიც ყოველდღიურად შეგიძლია რაიმე ახალი ისწავლო და ყოველი დღე ახალ აღმოჩენებს დაუთმო. თუ საქმეს გულით მიუდგები, მეფუტკრეობა საკმაოდ სასარგებლო საქმიანობის სფეროა, როგორც ფინანსური, ისე პიროვნული და სამეცნიერო კუთხით.’