ადამიანები ისტორიები

პედაგოგი, რომელმაც საკუთარი ლექსები ამოქარგა და წიგნად აკინძა

ხაშურელმა პედაგოგმა, ხათუნა ჩიტაძემ საკუთარი ლექსები ამოქარგა და წიგნად აკინძა. ამ წიგნის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი არსებობს და ის ავტორთან ინახება. ამბობს, რომ ეს მისი შემოქმედების სავიზიტო ბარათი და უდიდესი შენაძენია.

“მაქვს ნაქარგი წიგნი, სადაც ჩემი ლექსებია ამოქარგული, ეს წიგნი ჩემი სავიზიტო ბარათია

ხათუნამ ლექსების წერა იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ქართულ ანბანს ისწავლიდა. ლექსებს ზეპირად იგონებდა და დედას ფურცელზე გადაჰქონდა, ამიტომ ბევრია ისეთი ლექსი, რომლის გაცოცხლება ვერ შეძლო. ამბობს, რომ ასეთი ნამუშევრები ცაში ღმერთთან აქვს გაგზავნილი.

ის 6 კრებულის ავტორია და ახლა მეშვიდეზე მუშაობს.

“ხუთი წლის ასაკიდან, ზეპირად ვიგონებდი ლექსებს. დედა დამყვებოდა და იწერდა. 6 წლის რომ ვიყავი, უკვე ადგილობრივ გაზეთში იბეჭდებოდა ჩემი ლექსები. იმდენი მოდის, ყველას ვერ ვწერ, ვერ ვასწრებ, უფრო სწორად დრო არ მყოფნის და ვუშვებ უფალთან. ყველა ადამიანი თავის ემოციას, თავის თავს რაღაც ხერხებით წარმოაჩენს, მე ლექსებში გულწრფელი და გახსნილი ვარ, ჩემი სახე აქ ნათლად იკითხება”, – გვიყვება ხათუნა

ხათუნა მხატვრობითაა გატაცებული, ეს საქმე დამოუკიდებლად შეისწავლა, აქვს მხატვართა კავშირის ოსტატის წოდება.

“ყოველთვის ნორმალურად ვხატავდი, მაგრამ 28 წლის ასაკში უფრო გააზრებულად მოვკიდე ხელი. ერთ საღამოს ტილოს ნაჭერზე პასტელებით გართობის მიზნით მოვხატე ყვავილი. მომეწონა გაპოხილი ქსოვილი და ეს გახდა ჩემი მხატვრობის დასაწყისი. თვითნასწავლი მხატვარი ვარ, მქონდა როგორც პერსონალური, ასევე შერეული გამოფენები, ჩემი ნახატები არის სხვადასხვა კატალოგებში”, – ამბობს ის.

ხათუნას უყვარს კერვა, ქსოვა, ქარგვა, გვიყვება რომ ეს ნიჭი მას ბებიებისგან დაჰყვა.

ბებიები ხელოვანები იყვნენ, კერავდნენ, ქსოვდნენ, ქარგავდნენ. ვფიქრობ, მათი გენები კარგად მუშაობს. ქსოვა და ქარგვა პატარა ასაკში მე თვითონ ვისწავლე. მეცხრე კლასში ვიყავი, ვქარგავდი და ნაქარგებს ვაგზავნიდი საქართველის სამხატვრო აკადემიაში. 17 წლის უკვე შრომის, მოგვიანებით ხელოვნების მასწავლებელი გავხდი და იმ დროიდან მოყოლებული უწყვეტი სტაჟი მაქვს”, – ამბობს ხათუნა.

ხათუნა პროექტ “აწარმოე საქართველოს” გამარჯვებულია. პროექტის ფარგლებში, ის საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ და სოციალურად დაუცველ ქალებს ხელსაქმეს შეასწავლის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.