ახალი ამბები

როგორი იყო ენმ-ს ერთი წელი გორის საკრებულოში – ანგარიში ამომრჩევლებს 

ენმ-ის წევრებმა გორის საკრებულოში საკუთარი მუშაობის ერთი წელი შეაჯამეს და ანგარიში ამომრჩევლებს წარუდგინეს.

შეხვედრაზე, რომელიც დღეს საკრებულოში გაიმართა, პარტიის წევრებმა ყველა ის აქტივობა მიმოიხილეს, რომლებიც საკუთარი უფლება-მოსილების ფარგლებში განახორციელეს. 

მაგალითად, ანო ბალიაშვილმა ამომრჩევლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ სხდომების შესახებ, რომლებსაც ესწრებოდა. მისი ანგარიშიდან ვიგებთ, რომ დეპუტატი დაესწრო საკრებულოს – 15, ფრაქციის – 7 და კომისიების 13 სხდომას. 

“მხოლოდ, საკრებულოს სხდომებზე დასწრებით, მონაწილეობა მივიღე 188 საკითხის განხილვაში. გარდა, სხდომებზე დასწრებისას, რეგულარულად ვხვდები მოქალაქეებს, რის საფუძველზეც გამოვკვეთე მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემები”, – აღნიშნა ბალიაშვილმა. 

მისი ანგარიშის მიხედვით, პრიორიტეტულ საკითხებად საგზაო ინფრასქტრუქტურის მოწყობის და საბიუჯეტო დაწესებულებების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა რჩება. 

მთლიანობაში, პარტიის ინფორმაციით, ამ ერთი წლის განმავლობაში, ენმ-ის წარმომადგენლებმა გორის საკრებულოში 80  ინიციატივა წარადგინეს. 

“ხელისუფლებამ რამდენიმე გაითვალისწინა, თუმცა შემდეგ საკუთარ ინიციატივად წარმოაჩინა. ასევე, რამდენიმე ინიციატივა ინფრასტრუქტურის მოწყობას ეხებოდა და პასუხი მოგვივიდა, რომ ბიუჯეტში თანხები უკვე გათვალისწინებული აქვთ მათ მოსაგვარებლად”, – აღნიშნეს პარტიის წევრებმა შეხვედრაზე. 

ენმ ამომრჩევლებისთვის საკუთარი მუშაობის შედეგების გაცნობას პერიოდულად აპირებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.